თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასაქონლე ბირჟა, რომელიც 2009 წელს დაარსდა, საქართველოში მონოპოლიური ბიზნესისა და ფასების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ ჯერჯერობით ბირჟა არ ამოქმედებულა და თავისთავად არც არაფერი გაუკეთებია, მით უმეტეს – გაუფუჭებია. დამფუძნებლის, ალექსანდრე გორგიჯანიძის თქმით, საერთაშორისო სასაქონლე ბირჟის ანალოგს ბოლო 16 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანშიც არ უარსებია. „საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან ძვირია ის აუცილებელი პროდუქტები, როგორიც არის შაქარი, საწვავი და სხვ. ბირჟა კი არის ის ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც ფასების კოდირებასა და რეგულირებას ახდენს“.
“სასაქონლე ბირჟის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ასევე თანამედრორვე საბითუმო ბაზრის შექმნას, საქონელბრუნვის ეფექტურობის გაზრდას, ფასწარმოქმნის მექანიზმის სრულყოფასა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, შედეგად კი ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს გორგიჯანიძე.
_ ბირჟას საქმიანობა არ შეუწყვეტია; საქმიანობა, ფაქტობრივად, არც დაგვიწყია, ბირჟის ამუშავებას ვცდილობთ.
– რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბირჟა საქართველოში ვერ მუშაობს?
– ბირჟას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შენობა, რაც სავაჭრო პალატის წევრების დახმარებით გვაქვს და ჯერ ხმა არ ამოუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იქ დავდივართ, ვხარჯავთ ელექტროენერგიას, გვიკავია 2000 კვადრატული მეტრი ფართობი და ვერ ვმუშაობთ. მე ბირჟაზე მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა ახლა ვარ ადმინისტრაციაში და, შესაბამისად, არ მაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღო გარიგებებში, ყიდვა-გაყიდვაში. ეს არის ბროკერის ფუნქცია, რომელიც რეალურად საქართველოს არ ჰყავს. შევარდნაძის მმართველობის დროს ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ეკონომიკისთვის ეს საჭირო ელემენტი მოესპოთ საქართველოში და მოახერხეს კიდეც. ჩვენ შევკრიბეთ 20 კაცი, მოვამზადეთ უფასოდ და აქედან 17-მა, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა, სერთიფიკატი მიიღეს, თუმცა ვერ ამუშავდნენ, ორთვიანი კურსი ამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ბროკერი ბირჟაზე კი არ უნდა იჯდეს, მან უნდა ირბინოს, შესთავაზოს, მოიტანოს ბირჟაზე გასაყიდი საქონლის ნუსხა. საზღვარგარეთ ეს ყველაზე შემოსავლიან პროფესიად ითვლება, იქ პროფესიონალი არ არის ბროკერი, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ თუ ვერ შეძლებს თავის ანგარიშზე მილიონი დოლარის დაგროვებას.
– ახლა რა ზომებს მიმართავთ?
– პრეზიდენტმა გილაურს დაავალა, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ფასების ზრდა პროდუქტზე, რასაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს სასაქონლე ბირჟა, მაგრამ გილაურთან შეხვედრა ვერ შევძელი. ვიცი, რომ დაკავებულია და არ აქვს დროს ყველას წერილს გაეცნოს, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს მმართველობასთან გასაუბრება უჭირდეს. ამით ისინიც დაინტერესებული უნდა იყვნენ. საქართველოში ფასების ზრდა იცით რატომ ხდება? მაგალითად, აგარის შაქრის ქარხანა იჯარით აქვთ აღებული აზერბაიჯანელებს. საქართველოში შაქრის ფასის მატება მაშინ დაიწყო, როდესაც არც ერთ ქვეყანაში არ იყო ამის ნიშნები, სომხეთში და უკრაინაში ახლაც 40 პროცენტით იაფია შაქარი, ვიდრე ჩვენთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონოპოლისტების ხელშია შაქრის ბიზნესი. ჩიკაგოს ბირჟაზე შაქრის ბიზნესით დაკავებულ ხალხს რომ მიმართოთ, გეტყვიან, რომ შაქრის ფასი იქ 60 პროცენტით ნაკლებია. ნუთუ გზა, რომელიც უნდა გაიაროს გემმა ფოთამდე ასე ზრდის ფასს? რატომ არ იწევს ეს ფასი სომხეთში, აზერბაიჯანში? ჩვენი მოსახლეობა,რა, ყველაზე მდიდარია? სასაქონლე ბირჟაზე წვრილი ბიზნესმენები შეძლებდნენ ტაბლოზე წაეკითათ, რა ღირს, ვთქვათ, შაქარი სინამდვილეში, შემდეგ კი მოახდენდნენ თავისი ფინანსების კონცენტრაციას, ჩამოიტანდნენ შაქარს და უკვე კონკურენციას გაუწევდნენ აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს.
– ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა არ გიცდიათ?
–როგორ არა, აქაც თანაშემწის დონეზე მოხდა ჩვენი შეხვედრა, ვერა ქობალიას თანაშემწემ მითხრა, თქვენ ბირჟა აამუშავეთ და შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლებთ თქვენთანო. მივხვდი, რომ არც კი იციან სასაქონლე ბირჟის მნიშვნელობა და აღარ გავაგრძელე საუბარი. არადა, ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი და აქტუალური პრობლემა დღეს ფასების ზრდაა.