სამართალი
სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატმა კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
იდოიძე დუმილის უფლებას ინარჩუნებს და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. სუს-ის ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.
ზურაბ იდოიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.