პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს შეყვანით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა?!

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. 2017 წლის 10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები სხვა ქვეყნების მონახულების მსურველი ამერიკელი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მოგზაურობისას მოსალოდნელი რისკების შეფასებაში დაეხმაროს. რეკომენდაციების შედგენისას გათვალისწინებული იქნა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა კრიმინალი, ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა, ჯანდაცვა, ბუნებრივი კატასტროფები, მოკლევადიანი მოვლენები და ა.შ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნები ოთხ ჯგუფად დაყო.
პირველი ჯგუფი - „ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომების დაცვით შეიძლება“. ამ ჯგუფში შევიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, სკანდინავიის ქვეყნები, ასევე საქართველო და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკა, რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა. ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, „თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამგზავრებისგან, არასტაბილური გარემოს, კრიმინოგენული ვითარებისა და ნაღმების საფრთხის გამო“.
ამგვარად, ასახელებს რა საქართველოს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის და, ამავე დროს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მათ ერთმანეთისგან ყოფს - ანუ საქართველოსაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. სხვაგვარად, თუკი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომელიღაც რეგიონები სახიფათოა, მაშინ თავად სუვერენული სახელმწიფო მთლიანობაში უხიფათოდ ვერ ჩაითვლება.
მეორე ჯგუფი - „მეტი სიფრთხილის ქვეყნები“. ეს გახლავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ტერორისტული აქტების მაღალი რისკის გამო - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აგრეთვე უკრაინა, დამნაშავეობისა და არეულობების თვალსაზრისით.
მესამე ჯგუფი - „ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მოგზაურობაზე დაფიქრებას ურჩევს“. ეს არის რუსეთი, სადაც არსებობს ტერორიზმის და შევიწროების რისკები, განსაკუთრებით - ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს არ ურჩევს აგრეთვე „რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ყირიმში“, ასევე თურქეთში, პაკისტანში, ნიგერში, ჩადსა და ნიგერიაში გამგზავრებას.
მეოთხე ჯგუფი - „ქვეყნები, სადაც მოგზაურობა დაუშვებელია“, რადგან საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის საელჩოები თავიანთ მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ვერ დაეხმარებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ამერიკელებმა უარი უნდა თქვან ავღანეთში, ირანში, სირიაში, ლიბიაში, იემენში, ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ. გამგზავრებაზე.