საზოგადოება
თბილისელებს 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობა დაუფინანსებს, 1000 ლარს ზემოთ კი - მერია

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. მოქალაქეების სამედიცინო დაფინანსების წესის ცვლილებაზე განმარტებები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გააკეთა.
"დღეს დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება", - ამბობს გელა ჩივიაშვილი. მისი თქმით, პაციენტებს მომავალში მხოლოდ საყოველთაო დაზღვევის ტარიფების გათვალისწინებით დააფინანსებენ:
"აქამდე დაფინანსება ხდებოდა როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფს და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, უკვე საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება მომსახურების დაფინანსება", - აღნიშნა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა. მისივე ინფორმაციით, დაფინანსების ოდენობა არ იცვლება და ამ მიმართულებით მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მცხოვრებთათვის სამედიცინო მომსახურების წესის ცვლილების შესახებ განაცხადა.