საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირს კი უარი ეთქვა.
მოქალაქეობამინიჭებულ პირებს შორის 79 ფერეიდნელი ქართველია. კომისიის ცნობით, ჯამში მათ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილეს, საიდანაც 3 097-ზე დადებითი დასკვნა გასცეს და სია პრეზიდენტს მიაწოდეს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტი მარგველაშვილი მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მინისტრის თქმით, 2017 წელს გიორგი მარგველაშვილმა, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, 565 ადამიანს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.
პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.