უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმეზე დაიკითხა

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმეზე დაკითხა.
აღნიშნული ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, დაკითხვა 9 იანვარს ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა დღეს კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკრაინაში არ გახსნილა სამი მთავარი დანაშაული.
„უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მაიდანზე დახვრეტის საკითხზე დამკითხეს. მალე დამკითხავენ ალბათ ლონდონი-ბომბეის გვირაბის მშენებლობის საქმეზე, რომის იმპერიის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და სხვა ასეთ საკითხებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით, ყველა საკითხზე დაკითხვებზე დამატარებენ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, უკრაინაში არ გახსნილა სამი მთავარი დანაშაული – გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლა და არ გამოძიებულა მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმე. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს – უკრაინის ხელისუფლებაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც არიან დაინტერესებული, რომ მთავარი დანაშაულები არ იყოს გახსნილი. მთელი სამართალდამცავი სისტემა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს, ღონღაძის, იუშენკოსა და მაიდნის საქმეები კი ამ დრომდე გაუხსნელია. მეტიც, მაიდანზე ხალხის დახვრეტის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს, რადგან ბერლუსკონიმ დაუკვეთა ფილმი, სადაც ამბობენ, თითქოს მე ქართველ სნაიპერებს მაიდანზე ხალხის დახვრეტა ვუბრძანე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

1tv.ge