სამართალი
ჩატაევი თუ თხილი? - მორიგი სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტების ხელშეწყობისთვის ზურაბ იდოიძე დააპატიმრეს (ვიდეო)

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. პანკისის ხეობაში სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი დააკავა. ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ახმეტაში ზურაბ იდოიძე აიყვანეს. სოფელ ომალოში მის საცხოვრებელ სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. ოპერაცია კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს (ვიდეო იხ. აქ).
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა. სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში მდებარე მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იდოიძის ინტერესებს ადვოკატი დავით მოდებაძე დაიცავს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრამდე საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძის მამას, გოგი იდოიძე სამართალდამცველებმა დასაკითხად წაიყვანეს. როგორც პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს, დაკითხვის შემდეგ გოგი იდოიძე ომალოში დაბრუნდა, თუმცა საცხოვრებელი მალევე დატოვა და განაცხადა, რომ თბილისში აპირებდა გამგზავრებას.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდიოძის და ნათია იდოიძე საკუთარი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია – ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა. ნათია იდოიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ძმის უდანაშაულობის დასამტკიცებლად საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.
მისი მტკიცებით, ზურაბ იდოიძე თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, პროცედურული შემოწმების გასავლელად იმყოფებოდა.
ჩემი ძმა უდანაშაულოა, მე ამის მტკიცებულება გამაჩნია. ავსტრიაში იყო ბიძასთან, ბილეთები მე თვითონ ვუყიდე, ცოლთან და შვილებთან დაბრუნებას აპირებდა კანადაში. ის 20 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთში, კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, სადაც პროცედურული შემოწმება გაიარა. ჩააბარა დნმ-ის ანალიზი და ანაბეჭდები.
სხვა მოტივით ის იქ არ ყოფილა, ეს არის სიცრუე. როგორც ვიცი, ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ, ეს არის ტყუილი. მე სასწრაფოდ ვბრუნდები აშშ-დან და დავამტკიცებ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა. მანამდე კი ყველას მოვუწოდებ, ცრუ ბრალდებებისგან თავი შეიკავონ“, – განუცხადა პირველ არხს ნათია იდოიძემ.
სულ მთლად უდანაშაულოა, ამ ორ დღეში ცოლ-შვილთან, კანადაში აპირებდა წასვლას“, - განუცხადეს ჟურნალისტებს ზურაბ იდოიძის მეზობლებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ იდოიძე თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა და ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.