საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, ყველა ფრაქციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ კომიტეტებში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს.
„კვოტების ახალი გადანაწილება პარლამენტში ახალი ფრაქციების შექმნამ განაპირობა. ყველა ფრაქციას უნდა ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა კომიტეტებში, მუდმივმოქმედ დელეგაციებში და კომისიებში. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე მხოლოდ კომიტეტებში ფრაქციების წარმომადგენლების კვოტების განსაზღვრის საკითხზე ვიმსჯელეთ. ახალ ფრაქციებს, რომელიც შეიქმნა, მათაც მიეკუთვნებათ შესაბამისი კვოტები და შესაბამისი წარმომადგენლები ეყოლებათ კომიტეტებში“, - განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება კომიტეტებში წევრთა რაოდენობის გაზრდას არ გამოიწვევს, რადგან უმრავლესობის შიგნით მყოფ ფრაქციებს შესაძლებლობა აქვთ, კვოტები ერთმანეთს დაუთმონ.
პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დეკემბრის ბოლოს შეიქმნა.
გოჩა ენუქიძის ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკისთვის“ ერქმევა, ხოლო ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“.
უკვე ცნობილია ახალი ფრაქციების შემადგენლობაც. გოჩა ენუქიძის ფრაქციაში 11 დეპუტატი იქნება, მათ შორის: გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, ედიშერ თოლორაია, პაატა მხეიძე, ილია წულაია, ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.
რაც შეეხება ბიძინა გეგიძის ფრაქციას, ის შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან: ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე და კობა ნაკაიძე.