საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერი კახი კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.
სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, 4 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მათი საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.
შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახე – მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან სარეაბილიტაციოა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მუხიანში მდებარე სპორტული კომპლექსის მონახულებისას განაცხადა.
კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობას, რომ ხარვეზები დროულად გამოასწორონ. თბილისის მერის თქმით, არსებული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.
„სავარჯიშო კომპლექსი მაისში გაიხსნა, 7 მლნ ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა გააკეთო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა გასახდელებში, კორიდორებში, ერთი სავარჯიშო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და კატეგორიულად მიუღებელია იქ ბავშვების და ნებისმიერი თაობის ადამიანის ვარჯიში.
დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიას, ვინც განახორციელა სამუშაოები, რომ 7 მლნ დაიხარჯა პროექტის განხორციელებაში და ის, რომ ასეთ მდგომარეობაშია კომპლექსი, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე და აქ უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა... კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც აქ ხდება, რადგანაც ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული და ჰარი ჰარალეზე და თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე, ეს არ და ვერ მოხდება“, – განაცხადა კახი კალაძემ.
„ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1tv.ge - ს მასალების მიხედვით