ციხეში გრძელვადიანი პაემანი ფასიანი იქნება და 60 ლარი ეღირება?!
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებათა და დამატებათა პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებისთვის გრძელვადიან პაემანს ითვალისწინებს, მარტიდან ამოქმედდება. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის საშუალება არასრულწლოვანთა №11, რუსთავის №6 და №16 დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ექნებათ.
პროექტის მიხედვით, გრძელვადიანი პაემანი 24 საათით არის განსაზღვრული. მსჯავრდებულებს შეუძლიათ, ეს დრო, თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე, ოჯახის წევრებთან სუფთა და კომფორტულ გარემოში გაატარონ. „ხანგრძლივი პაემნის საკითხი სამივე დაწესებულებაში უმოკლეს ვადაში ამოქმედდება. ამისათვის იქ ყველა პირობაა შექმნილი. ახლა მთავარია, პარლამენტმა კანონი მიიღოს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ინფრასტრუქტურა შედარებით მყუდრო და ჰუმანური ყოფილიყო“, - განაცხადა კალმახელიძემ. მისივე ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა და მშენებლობა სხვა დაწესებულებებში ეტაპობრივად დაიწყება და 2012 წლის 1 ივნისისთვის დასრულდება. პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულებს ერთი წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, წახალისების სახით კი შეუძლიათ კიდევ ერთი დამატებითი პაემნით ისარგებლონ. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საბოლოო ჯამში წელიწადში 4 პაემნით შეეძლებათ სარგებლობა. პაემანი ფასიანი იქნება და, სავარაუდოდ, 60 ლარი ეღირება.