უცხოეთი
ჩრდილოეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთკორეელი სპორტსმენების მონაწილეობაზე მოილაპარაკეს. როგორც  ტელეკომპანია YTN იუწყება, ამის შესახებ მხარეები დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
სეულმა და ფხენიანმა ასევე გადაწყვიტეს სხვადასხვა სფეროებში მოლაპარაკება განაახლონ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
კერძოდ, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით ფხენიანსა და სეულს შორის სამხედრო ცხელი ხაზი ამოქმედდება. მოლაპარაკებების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეა მზად არის ჩრდილოეთ კორეასთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.
მინისტრების დონეზე ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები დღეს დაიწყო.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.
სამხრეთ კორეამ ფხენიანს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.
3 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში გაიმართება.

imedinews.ge