საზოგადოება
საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მარიკა ლორთქიფანიძე

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი.
გუშინ, 2018 წლის 8 იანვარს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და მასწავლებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1948 წლიდან - თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზეთბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - 1993 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძისცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.
სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელს საქართველოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.