საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე შეწყალების გამოყენება იყო შოკისმომგვრელი! - თეა წულუკიანი

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე, შეუზღუდავია და არ უნდა დაექვემდებაროს არავითარ კონტროლს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი"
“ჩვენ ბოლო დღეებში ბევრი რამ მოვისმინეთ, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, არის აბსოლუტური და ის არ უნდა დაექვემდებაროს არავითარ კონტროლს საზოგადოების ან თუნდაც მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე ვერ ვიზიარებ. სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო საოცარი, თუ გნებავთ, შოკისმომგვრელი, რადგან როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას, ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო. ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ, დაეყრდნო რა თურქულ პრეცედენტებს მსგავს საქმეებზე. აქედან გამომდინარე, დიახ, პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, ვერანაირი ე.წ. მსუსხავი ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.