საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში ჩამოვა. პაატა ბურჭულაძე გუშინ უნდა დაკითხულიყო, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, პროცესი გამომძიებლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. თებერვლის შუა რიცხვებამდე კი ბურჭულაძე გადატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარესა და გამომძიებელს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგა, თუმცა დაკითხვის კონკრეტულ თარიღს გამომძიებლები დაადგენენ და ბურჭულაძის უფლებადამცველებს ორი კვირით ადრე შეატყობინებენ. ბარათაშვილი განმარტავს, რომ პაატა ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირები, შესაძლოა, საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.