საზოგადოება
სპეციალისტები გრიპის მწვავე ვირუსის გავრცელებას საქართველოშიც ელოდებიან

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში გრიპის მწვავე ვირუსი ჯერ არ ჩანს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსის მატება დაიწყო, უახლოეს მომავალში ჩვენთანაც გაჩნდება პირველი შემთხვევები, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის სამსახური მუდმივად ზედამხედველობას უწევს ვირუსებს. ხათუნა ზახაშვილი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელ ვირუსს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი და სიმპტომების გამოჩენისთანავე ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებმა, ორსულებმა და ბავშვებმა ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციაა ხელების ხშირი დაბანა, გრიპის ვირუსით დაავადებულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან და ექიმის რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
ვირუსის პირველივე გამოჩენისას, 2-3 კვირაში, როგორც წესი, მოსალოდნელია გრიპის შემთხვევათა მატების პიკი, როდესაც შედარებით მეტი ადამიანი ხდება ავად. ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდიდან უნდა ველოდოთ ვირუსულ ინფექციას, სწორი არ არის. ჩვენ მუდმივ ზედამხედველობას ვუწევთ ვირუსებს და გამოჩენის შემდეგ შეიძლება მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანში იქნება პიკური პერიოდი. ვირუსს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი”, – განაცხადა ზახაშვილმა.