სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. პოლიციამ ჰ.ქ-ს მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოლოგიური შემოწმებისას ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.