პოლიტიკა
აფხაზეთში განმარტეს, რომ კუკავა საქართველოს სამხრეთ ოსური მხარის თხოვნით გადმოეცა

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. როგორც Апсныпресс იუწყება, „საზოგადოებაში გაჩაღებულ პოლემიკასთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის პატიმარი გ. ლუკავას გადმოცემის საკითხზე, რომელსაც აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 2012 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს:
“2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე აფხაზურმა მხარემ საქართველოს გადასცა გ. ლუკავა. აღნიშნული აქცია იყო პატიმართა გაცვლის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაწყებული იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით.
2008 წლის მოვლენების დროს, როდესაც ქართული ჯარი შევიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აიყვანეს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა, მათ შორის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ შეთანხმებები მიღწეული იყო.
გვსურს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ გ. ლუკავა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ გაცვლას დაქვემდებარებულ პატიმართა სიაში ირიცხებოდა, თუმცა მისი გადაცემა იმ პერიოდში შეჩერდა. საბოლოოდ, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, გაცვლილი იყო როლანდ ჟიბაზე, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბ. კვიცინიას მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
საჭიროდ მივიჩნევთ, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის თავს აფარებენ აფხაზეთის მოქალაქეები. მათ შორის - რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გადმოცემისთვის. ეს საკითხები IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული.
შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და საქართველოში აფარებენ თავს, აფხაზეთს უნდა გადაეცეს და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელი მოიხადონ.
მეტიც, ომის დასრულების შემდეგ ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს - ისეთები, როგორებიც არიან გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა. იმ პერიოდში ამას არ გამოუწვევია რაიმე აღშფოთება ან გაუგებრობა მათი მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.
ქვეყნებს შორის ურთიერთობაში პატიმართა გაცვლის მსოფლიო პრაქტიკა არსებობს და ეს არის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მივმართავთ ქვეყნის მოქალაქეებს თხოვნით, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციულ მოწოდებებს არ აჰყვნენ”.