საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალურ პარკში ათობით ადამიანი შეიკრიბა და დე ფაქტო მთავრობისგან დაზუსტებული ინფორმაცია მოითხოვა, რა პრინციპით გადაეცა ლუკავა ქართველ სამართალდამცველებს. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
აქციაში დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი თვლიან, რომ პირი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა „მისჯილი“, დრანდის ციხიდან საიდუმლოდ არ უნდა გაეყვანათ, გაეთავისუფლებინათ ან გაეცვალათ.
ამასთან დაკავშირებით, ე.წ. პარლამენტის წევრები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრისგან ახსნა-განმარტებებსაც ელიან.
დღესვე აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის თხოვნით დაიწყო.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. მაშინ ლუკავამ თქვა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს.
სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე - გუდაუთაში მკვლელობებშიც.
imedinews.ge
საქინფორმი