საზოგადოება
ბოლო 30 წლის რეკორდი - 2017 წელს საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ), აქედან 47,7 მლნ ბოთლი (76%) - რუსეთში

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 43%(7 585 407 ბოთლი), რუსეთი – 76%(47 778 920), უკრაინა – 46%(8 502 554), პოლონეთი – 15% (2 676 440), ლატვია – 20%(1 505 138), ბელარუსი – 56%(1 827 130), აშშ – 56%(457 920), გერმანია – 38%(404 538), ისრაელი – 150%(213 074), მონღოლეთი – 82%(168 162), საფრანგეთი – 178%(99 796), აზერბაიჯანი 75%(141 294) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ, „ახაშენი“ – 1,5 მლნ, „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.
2017 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.
საერთო ჯამში, ექსპორტირებულია 39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება 70%-ს აღწევს.
მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა.
ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, 2016 წელთან შედარებით ზრდამ 148%-ს მიაღწია.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი 46%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.