საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს რუსეთთან ახალი ცივი ომის დაწყება არ სურს. ამის შესახებ მან Deutsche Wirtschafts Nachrichten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ქვეყნებს ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული რაკეტები არსებობდა, ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ ისინი არ გამოუყენებიათ.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსკოვთან დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ არის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის დარეგულირებაში დიდი როლი რუსეთსა და ჩინეთს აქვთ.
"ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. თუმცა ჩინეთსა და რუსეთს ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან ისინი არიან ფხენიანის მეზობელი ქვეყნები და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.