პუბლიკაციები
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას მიმართავს

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ.
"უხუცესთა კავშირი ადასტურებს, რომ კახეთის გუბერნატორის მიწვევით, 29 დეკემბერს, თელავში, ნამდვილად შედგა შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, უხუცესთა კავშირის წევრებსა და პანკისის სხვა მცხოვრებლებს შორის.
შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც სუს-ის განცხადებით, ადასტურებს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების კავშირს ახმედ ჩატაევთან და მის ჯგუფთან.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი. პანკისის უხუცესთა საბჭო აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბრალდებულთა დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით.
სუს-მა მტკიცებით ფორმაში მიუთითა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად გაისროლეს მისი მისამართით.
მართალია, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მისსავე საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში სროლა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, იგი ამ დრომდე რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ასევე, ვერ მივიღეთ დამაჯერებელი განმარტება, რატომ იყო აუცილებელი ამ პირების დასაკავებლად ასეთი მასშტაბური სპეციალური ოპერაციის ჩატარება ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით.
მოვუწოდებთ პროკურატურას, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს 19 წლის ახალგაზრდის დაჭრის შემთხვევა და რაც შეიძლება მოკლე დროში გვაცნობოს საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების საქმეზე გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, მხარეთა თანასწორობის პრინციპით. სამწუხაროდ, მსგავსი საქმეების გამოძიების და სასამართლო განხილვისას სხდომების დახურვის პირობებში, ჩვენ ვერასოდეს ვიგებთ სიმართლეს.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“.
შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.