აქტუალური
სადაზღვევო კომპანიებს არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

dazghveva“ასი ახალი საავადმყოფოს” პროგრამის ჩავარდნის შემდეგ, კომპანია “გლობალ ჯორჯიას” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს დააკისრა, რომლებიც, როგორც ჩანს, ახალი საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების მშენებლობას მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ახორციელებენ.

სადაზღვევო სფეროში კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები საგანგაშოა, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მლნ ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% დახარჯეს, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს. კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ, როდესაც სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია. სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მლნ ლარის შემოსავალი. მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირების არარსებობა, სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება, სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა, პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება, პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება გახდა. დღეს კი უკვე ცნობილია, რომ სადაზღვევო კომპანიებში ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო მუშაობა.