პოლიტიკა
ბაქო გაოცებულია და თბილისისგან განმარტებებს ითხოვს

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ფარაჯ გულიევი, აიტან მუსტაფაევა, ასევე, გუდრატ ჰასანგულიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას და მისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემას მოითხოვენ. აზერბაიჯანელთა პროტესტის მიზეზი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ფორსმაჟორულ ვითარებაში სატრანზიტო ტვირთების ცხინვალისა და როკის გვირაბის გავლით რუსეთში ტრანსპორტირებას დათანხმდა.
რუსული და სომხური ტვირთების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო გატარების შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ ტაი ასადოვმაც გააკეთა. ასადოვი იმედოვნებს, რომ "საქართველო ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს."
"შესაძლოა, საქართველოში ვინმეს სურდეს ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება. მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. ჩვენ ყარსის რკინიგზა ავაშენეთ. საქართველოს აქედან თავისი სარგებელი აქვს. საკითხის შესწავლა მეგობრობის ჯგუფს უნდა დავავალოთ", - ამბობს ასადოვი.
"ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც აბსოლუტურად არცერთი პუნქტი არ არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოხელშეკრულებას აფხაზეთზე საუბარი არ არის. საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, როდესაც იქნება თოვლი, მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუქნტის მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნას ეს მექანიზმი ცხინვალის მიმართულებით, ისიც ზედმიწევნით იმ ტექსტის დაცვით, რომელიც ხელშეკრულებაში არის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველომ 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია СГС -თან (Социéтé Гéнéрале де Сурвеилланце СА) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველო-რუსეთის სატრანზიტო მონიტორინგი უნდა განახორციელოს. შესაბამისი ტიპის მონიტორინგის განხორციელება გაწერილია საქართველო-რუსეთს შორის 2011 წელს მიღებულ შეთანხმებაში.
საინტერესოა, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, 22 დეკემბერს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა და ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა. 23 დეკემბერს კი ილჰამ ალიევთან შეხვედრა ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ გამართა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრეცელებია და მისი არსებობის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი.
26 დეკემბერს კი გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან გამართა შეხვედრა. საინტერესოა, რომ თბილისიდან სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
tabula.ge