პოლიტიკა
160-ზე მეტი რეკომენდაციიდან ქართული მხარე ამ ეტაპზე მხოლოდ 100-მდე გაეროს რეკომენდაციას დათანხმდა

oonგაეროს მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემული 160-ზე მეტი რეკომენდაციიდან ქართული მხარე ამ ეტაპზე მხოლოდ 100-მდე რეკომენდაციას დასთანხმდა.

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების განხილვა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული განხილვის მე-10 სესიის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია საერთაშორისო თანამეგობრობას ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის შესახებ სამი საათის განმავლობაში აცნობდა და სხვა სახელმწიფოთა შეკითხვებს პასუხობდა.

ინტერაქტიულ დიალოგში მონაწილეობის მიღება სამი საათის განმავლობაში ჯამში 54 სახელმწიფომ მოასწრო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განხილვისას დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული პროგრესი, თუმცა იმ საკითხებზეც აღინიშნა, რომელთან დაკავშირებითაც, ზოგიერთი სახელმწიფოს შეფასებით, შემდგომი განვითარების პოტენციალი კვლავ არსებობს.

ჯამში საქართველოს ხელისუფლებამ 160-ზე მეტი რეკომენდაცია მიიღო, რომელთაგან 100-მდე რეკომენდაციას ქართული დელეგაცია დაეთანხმა.

მიღებული რეკომენდაციების დამუშავება მომდევნო თვეებში გაგრძელდება, შედეგად კი რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება.