საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს „შავ“ პიარკამპანიას, რომელიც ე.წ. პროდასავლურმა ლიბერალურმა ძალებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ წამოიწყეს.
ეს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის დროს მოგვაგონებს, როდესაც „საქინფორმი“ ამავე ძალების მხრიდან იდევნებოდა, რომლებსაც ავანგარდში დასავლეთის სპეცსამსახურების და სოროსის პროპაგანდის რუპორი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჰყავდათ.
მიუხედავად იმისა, რომ „საქინფორმს“ მაშინ ქართული თუ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან მხარდაჭერის ერთი სიტყვაც არ მიუღია, დღეს კი დახმარება ჩვენს ოპონენტებს უფრო სჭირდებათ, „საქინფორმის“ რედაქცია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის მუშაობა ახალი მენეჯმენტის პირობებში მკვეთრად გაუმჯობესდა.
მიუხედავად იმისა, რომ „საქინფორმისთვის“ დღესაც კატეგორიულად მიუღებელია სამეურვეო საბჭოს (ე.წ. ბორდის) ზოგიერთი წევრი, არ შეიძლება, არ აღინიშნოს ხარისხი და ოპერატიულობა, და რაც მთავარია - ობიექტურობა, რომლითაც ტელეარხი ინფორმაციას გვაწვდის. ძალიან კარგად მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ორენოვანი - ქართული და რუსული - საიტიც.
თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობა ზეწოლას გაუძლებს და დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს, რაც მთავარია, ახლოს იქნება საქართველოს მოქალაქეებთან - გადასახადის გადამხდელებთან, რომელთა სახსრებითაც არსებობს, პირველი არხი შეძლებს, ქართული ტელესივრცის ლიდერის ტრადიციული როლი დაიბრუნოს.
„საქინფორმის“ რედაქცია
2017 წლის 29 დეკემბერი
საქართველო, თბილისი