სამართალი
"თუ მართლა აღმოჩნდა რომელიმე ოჯახში იარაღი, მოვემზადოთ ცუდისთვის და ტერაქტებს ველოდოთ" - იდიგოვი

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. სპეცოპერაციის შედეგების გასაჯაროებასა და ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს „კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი.
არაფერი ვიცი იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებს სპეცოპერაციასთან კავშირში ასახელებენ. მათზე ახმედ ჩატაევის საქმესთან კავშირში არაფერი გამიგია, რიზვან ცეტიაშვილს კი კარგად ვიცნობ. ეს ის პირია, რომელმაც მას ბინის გასაღები გადასცა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახმედ ჩატაევს სტამბოლში ერთ-ერთი აჭარელი მეგობარი და რუსლან ალდაგოვი შეხვდნენ და აქ გადმოსასვლელი დერეფნის შესახებ მოილაპარაკეს. ის თურქეთიდან აჭარის გავლით ფეხით ჩამოვიდა", - აცხადებს უმარ იდიგოვი.
მისი თქმით, თუ აღმოჩენილი არსენალის შესახებ ცნობა სიმართლეს შეესაბამება, ეს ცუდი სიგნალია. იდიგოვი მოსალოდნელი ტერაქტების საშიშროებაზე ლაპარაკობს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შემდეგ აღმოჩენილი იყო იარაღის მთელი არსენალი. გასარკვევია, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. თუ მართლა აღმოჩნდა რომელიმე ოჯახში იარაღი, მაშინ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მოვემზადოთ ცუდისთვის და ტერაქტებს ველოდოთ", - აღნიშნა იდიგოვმა.