საზოგადოება
სარგსიანმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების წინააღმდეგ სომხეთის პოზიცია ახსნა „გამოწვევების სპეციფიკით, რომელიც სომხურ და ქართულ მხარეებს გააჩნიათ“

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების წინააღმდეგ პოზიციები განმარტა. ამის შესახებ უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ლაპარაკობს. დეპუტატის თქმით, სომხურ დელეგაციასთან პარლამენტში ამ თემაზე საუბრისას სერჟ სარგსიანმა სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები მოიყვანა და ქართულ მხარეს გაგებით მიდგომისგენ მოუწოდა.
იყო საუბარი გარკვეულ პოზიციებში განსხვავების თაობაზემაგრამ გამოთქმულია სურვილი, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გამომდინარე იმ გამოწვევების სპეციფიკიდან, რომელიც სომხურ და ქართულ მხარეებს გააჩნიათ. აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში სომხეთმა საწინააღმდეგო ხმა მისცა გაერო-ში და ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს იმ სპეციფიკაზე, რომელიც გააჩნია ამ სიტუაციაში სომხურ მხარეს. არის საკითხები, რომელიც შიდა კავკასიური ურთიერთობების სერიოზულ პრობლემებს წარმოაჩენს, რასაკვირველია, სომხურ-აზერბაიჯანული დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ სამომავლოდ ერთმა და მეორე მხარემაც გამოთქვეს იმედი, რომ ეს ვითარება დალაგდება”, აღნიშნავს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებულ ყოველწლიურ რეზოლუციაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება. დევნილთა ფუნდამენტური უფლებების მხარდამჭერი დოკუმენტი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას გულისხმობს. 1 ივნისის კენჭისყრაზე სომხეთი იმ 14 ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც საკუთარი ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ დააფიქსირეს. წლევანდელ რეზოლუციას 80 ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდა, 61 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.