ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ
აქტუალური
ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სომეხ კოლეგას ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა ხელი გასულ წელს მოაწერეს. 2018 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებშიღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) დამტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.