რელიგია
„საქინფორმი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავს ულოცავს

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღიდან 40 წელი გავიდა. „საქინფორმი“ ულოცავს ქართველი ერის სულიერ მამას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესისს წინამძღვარს ამ მართლაც ისტორიულ თარიღს და დღეგრძელობას ვუსურვებთ საქართველოს სადიდებლად და ასაყვავებლად!
„საქინფორმი“ აუცილებლად მიიჩნევს იმ ფაქტის აღნიშვნას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში, როდესაც მართალი სიტყვა უმოწყალოდ ისჯებოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის მიერ და ბევრი ჩვენი თანამემამულე საქართველოში და საზღვარგარეთ „საქინფორმის“ უბრალოდ ხსენებასაც კი ერიდებოდა ქვეყანაში სახელისუფლო რეჟიმის მიერ შექმნილი ტოტალური შიშის ატმოსფეროს გამო, ილია მეორემ მისი საქმიანობა აკურთხა!

2011 წლის 25 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და, კერძოდ, აღნიშნა:
დიდი საქმეა, რომ ამას აკეთებთ, ნამდვილად ეროვნულია, ძალიან გამახარა თქვენმა წამოწყებამ. მიმაჩნია, რომ იმ დროს, როცა ჩვენზე ძლიერად მოდის გლობალიზაციის პროცესი, და გლობალიზაციას, მოგეხსენებათ, აქვს სუბიექტი და ობიექტი, ამ შემთხვევაში ჩვენ, პატარა ერები, ობიექტები ვართ. და სუბიექტს უნდა, რომ გადაგვაკეთოს და ამით დაგვაკარგვინოს ჩვენი ეროვნული ფასეულობები.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში. რაც კარგია ამ გლობალიზაციის პროცესში, უნდა მივიღოთ - ზოგადად საკაცობრიო ფასეულობები, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ჩვენი ფასეულობების მიმართ. 
ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა დასავლეთსა და უცხო ხალხს არ ესმის ჩვენი ფასეულობებისა. ჩვენთვის ესაა ძვირფასი, მათ კი სულ სხვა კატეგორიები აქვთ ფასეულობების. ამიტომ თქვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია და ჩვენ ყველაფერში მხარში ამოგიდგებით! 
რაც შეეხება რელიგიასა და რუსეთს – ეს ცოტა ფაქიზი თემაა, ამას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს და გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია დღეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ხიდია, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, ურთიერთობებს ეკლესიის მეშვეობით ვაწარმოებთ და ეს ხიდიც თუ ჩავტეხეთ, ძალიან რთული პროცესები დაიწყება.
დაგლოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“
მას შემდეგ პატრიარქის კურთხევის ზემოთ მოტანილი სიტყვები საქინფორმის საიტის მთავარ გვერდს აშვენებს.