საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული მოქალაქე დიპლომატის მეუღლეა.
„გიდასტურებთ, რომ ადგილი ჰქონდა დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ამ კანონდარღვევას. იგი არ გახლავთ უწყების თანამშრომელი და არის ქართველი დიპლომატის მეუღლე. არსებული ინფორმაციით, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და გაიმართება სასამართლო, რომლის შემდეგაც დადგინდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა. უშუალოდ თანამშრომელს რაც შეეხება, ვისი მეუღლეც გახლდათ დაკავებული, გახლავთ ქართველი დიპლომატი და მის მიმართ უკვე შესაბამისი ზომები უწყებამ მიიღო და მოხდება მისი გამოწვევა საელჩოდან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე უკრაინელმა მესაზღვრეებმა უჟგოროდის გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული სიგარეტის გადატანისთვის დააკავეს.