საზოგადოება
დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე უკრაინის საზღვარზე 45 ყუთი სიგარეტის გადატანას ცდილობდა (ვიდეო)

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მესაზღვრეებმა გამშვებ პუნქტ „უჟგოროდში“ დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვარზე სიგარეტი „როტმანსის“ მსხვილი პარტიის გადატანას ცდილობდა (ვიდეო იხ. აქ). ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის შეტყობინებაში.
მესაზღვრეებმა დააზუსტეს, რომ ავტომობილის დამატებითი შემოწმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა  მასზე სასაზღვრო სამსახურის ძაღლის რეაგირების შემდეგ. „გამშვებ პუნქტში ჩეხური რეგისტრაციის მქონე მიკროავტობუს Мerсedes-Bens Viano-ს სასაზღვრო შემოწმების დროს თამბაქოს ძიებაზე გაწვრთნილმა სამსახურის ძაღლმა რეაგირება მოახდინა. ამან მანქანის უფრო საფუძვლიანი ჩხრეკის საფუძველი მისცა“, - განმარტეს უწყებაში.
დიპლომატმა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე უარი თქვა. ამის გამო ინციდენტის ადგილზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მძღოლის ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად მანქანის სალონში 21 სხვადასხვა ზომის ჩანთა აღმოაჩინეს, სადაც 45 ყუთი სიგარეტი ინახებოდა.