პოლიტიკა
ლევან იზორია ამერიკელ გენერალს შეხვდა

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწორედ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებს ქართველ სამხედროებს საქართველოსა და გერმანიაში იმისათვის, რომ მათ ავღანეთის რესპუბლიკაში საპასუხისმგებლო მისია შეასრულონ. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების – Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ Agile Spirit-ს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს.
ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური ქართველ და საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.