აქტუალური
ტექდათვალიერების დაწყებისთანავე ავტომფლობელებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს 2018 წლის 3 იანვრიდან ცხელი ხაზი – 1484 მოემსახურება.
ცხელი ხაზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდება.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.
გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს საკმარის ვადას მისცემს, რომ ტექდათვალიერებისთვის მოემზადონ და, ასევე, თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკს.
ცხელ ხაზზე „1484“ დარეკვა შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდანმხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის – 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები  მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.