სამართალი
ორი გარდაცვლილი, ორი დაშავებული - ორი ხანძარი თბილისში

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. წუხელ ღამით თბილისში ორი ხანძარი მოხდა — ცაბაძის ქუჩაზე და ფეშენებელურ სასტუმრო Rooms Hotel-ში.
ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე, „დინამო არენასთან" გვიან ღამით ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188 მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას; დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
რაც შეეხება ხანძარს სასტუმრო Rooms Hotel-ში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა. შენობიდან ოპერატიულად გამოიყვანეს სტუმრები და თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.