საზოგადოება
ამერიკის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით კანონპროექტი შევიდა

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით პირველი კანონპროექტი შევიდა. ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა რეზოლუცია მოამზადა, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რასელი პრეზიდენტ ტრამპს რამდენიმე სანქციის დაწესებას სთხოვს - ქართველი მინისტრების ვიზების გაუქმებას, საბანკო ანგარიშების გაყინვას და შტატებში შესვლის აკრძალვას.
პრეზიდენტ ტრამპის თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალური სანქციების ამოქმედების შესახებ კონგრესმენი კონკრეტული მიზეზებით მოითხოვს - ამერიკული კომპანიების შევიწროვება, სასამართლო დავები და დროებითი მმართველების დანიშვნა.
რადიკალური ზომების მიღება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეერთებული შტატების კონგრესის დღის წესრიგში 3 კონკრეტული შემთხვევის გამო დადგა.
2017 წლის მაისში ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" მთავრობამ სპეციალური მმართველი დანიშნა.
მეორე შემთხვევა კომპანია „ფილიპ მორისს“ და მასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს ეხება; „ფილიპ მორისიც“, „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსად, ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესის სასარგებლოდ, ქართული სასამართლოს ხელით დამარცხდა.
მესამე ქეისი კი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება. კომპანიამ საქართველოში გაზის აღმოჩენის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო, თუმცა კახა კალაძის მინისტრობის პერიოდში ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებამ ტყუილში დაადანაშაულა და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცა.
აშშ-ში ქართულ-ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რასელის რეზოლუციას სენატი თაროზე შემოდებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი კონგრესმენს აკრიტიკებენ.