პოლიტიკა
როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტია გადასული მარგინალურ ზონაში, ანალოგიურად იქცევა მისი წარმომადგენელი პარლამენტში! - პრემიერი კვირიკაშვილი (ვიდეო)

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. "მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, მინდა, მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, ვუსურვო მათ წარმატება",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
„ჩვენ მოგვიწევს მთელი ჩვენი უნარის, გამოცდილების, შესაძლებლობის გამოყენება, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ამ ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ და ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის ინტერესით და რომლის ყველა შეკითხვა თუ კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ აქედან მოდის. მაგრამ, ამასთანავე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის უდიდესი მსგავსება ქვეყნის ექსპრეზიდენტის იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში...
როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, სწორედ ასევე, მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ზუსტად ანალოგიურად იქცევა. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. რა თქმა უნდა, მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცე გარანტიები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ 2018 წელი იქნება მართლაც ჭეშმარიტი დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წელი. ეს არის ყველაზე მთავარი, რისი თქმაც მინდოდა. მინდა, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას მადლობა გადავუხადო გამოხატული მხარდაჭერისთვის, ეს არის ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და შევეცდებით, ეს პასუხისმგებლობა პატივით ვატაროთ. დიდი მადლობა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.