საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. გამოცემა Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას აქვეყნებს. 2018 წლის რეიტინგის სათავეში გაერთიანებული სამეფოა. ხუთეულში ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვედეთი და კანადა მოხვდნენ.
საქართველო Forbes-ის სიაში 52-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, 2017 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილზე იყო. შესაბამისად, ერთ წელიწადში ქვეყანა ცხრა პოზიციით ჩამოქვეითდა.
Forbes-ის მონაცემებით, ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება წინა წელთან შედარებით მონეტარული თავისუფლების კუთხით მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა რეიტინგის გაუარესების მიზეზი.
ახალ რეიტინგში თურქეთი 56-ე, რუსეთი 58-ე, აზერბაიჯანი 70-ე, უკრაინა მე-80, მოლდოვა 87-ე, სომხეთი კი 88-ე პოზიციაზეა. 153 ქვეყანას შორის ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნებად ჩადი, გამბია და ჰაიტი დასახელდნენ.