სამართალი
შსს-მ საპოლიციო კონტროლის შედეგად 10 პირი დააკავა, მათ შორის ექვსი წარსულში ნასამართლევია

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 10 პირი დააკავა, აქედან ექვსი წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
„მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, დაკავებულია 10 პირი, აქედან ექვსი წარსულში ნასამართლევია.
დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: ერთი ავტომატი, ექვსი პისტოლეტი, შვიდი სანადირო თოფი, სამი შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, ერთი საიგას ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, ოთხი კოჭა ტროტილი, ერთი ცეცხლგამტარი ზონარი, ერთი დესანტის დანა და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა, ასევე შვიდი შეკვრა ჰეროინი, ოთხ გრამამდე გახსნილი სითხე და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
გარდა ამისა, პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შსს-მ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში, კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია ექვსი პირი, ასევე დაკავებულია ორი ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულა-დეტონატორი, 1124 ცალი ვაზნა.
გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.