რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: არათანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაა, ანუ მახინჯი საკადრო პოლიტიკა როგორც ხელისუფლების მთავარი ნაკლი

      საქართველოში ახლობლობის ინსტიტუტის ბოლომდე მოსპობა არ გამოვა, ის ყოველთვის იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრობის დროს და მართალი იყო - ჩვენ, ქართველები ხომ დიდი მეახლობლეები“ ვართ, თუმცა, ნეპოტიზმის ბოლომდე მოსპობა ვერ შეძლეს დასავლეთის ყველაზე მოწინავე ქვეყნებმაც კი, რომლებიც საქართველომ ეტალონად აირჩია.
მთავარი - პროპორციაა, რომლითაც ნეპოტიზმი სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში არსებობს: როდესაც ნეპოტიზმის წილი პრევალირებას იწყებს და რაციონალურ საკადრო პოლიტიკას ქვეშ მოიყოლებს, ანდა ნეპოტიზმის ტენდენცია ტოტალურ  ხასიათს იძენს, ხელისუფლების კრიზისი იწყება, რომელიც ადრე თუ გვიან მისი გადადგომით ან რევოლუციით მთავრდება. ასე დაემართა გაქსუებულ საბჭოთა ნომენკლატურას, რაც სსრკ-ის ლიკვიდაციით დამთავრდა. ასე დაემართა პრეზიდენტ შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს, რაც „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა. იმავე სენითაა დაავადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც, თანაც - ყველა დონეზე. „ამერიკული ოცნების“ მკაფიო ილუსტრაციას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ ხელდასმულთა უმრავლესობის თავბრუდამხვევი კარიერა ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონში, თუმცა საქართველო თანაბარი კი არა, არათანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაა იმავე პროტექციონიზმის მიზეზით.
კეთილი, თავი დავანებოთ კლანურობასთან ბრძოლის დასავლურ გამოცდილებას - განა ისტორიამ სახელმწიფოს მართვის მანკიერ მეთოდებთან ბრძოლის სხვა, გაცილებით წარმატებული მაგალითები არ შემოგვინახა - ისეთები, როგორიცაა ჯგუფურობასთან ბრძოლის სტალინისეული ხისტი პოლიტიკა?
ხისტი კი არა, სასტიკი ავტოკრატია რეპრესიული მეთოდების გამოყენებით!“ - წინასწარ ვჭვრეტ დასავლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი მკითხველების გულწრფელ აღშფოთებას. დიახ, ბატონებო, შესაძლოა, ისტორიის მოსახვევებში სასტიკიც, მაგრამ განა ნეპოტიზმის ცდუნებებს საეკლესიო ქადაგებებით და აღმზრდელობითი მუშაობით დაამარცხებ?! განა სტალინური გამოცდილებით ბევრი ქვეყანა არ შეიარაღდა - მაგალითად, ჩინეთი მაოს ცზედუნის დროიდან? რატომ გვავიწყდება ეს საქართველოში, როდესაც ჩინურ ეკონომიკურ სასწაულზე, მოწინავე ტექნოლოგიებზე და ჩინური პროდუქციის ექსპორტზე ვმსჯელობთ, რომელმაც მთელი მსოფლიო აავსო? საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დღეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ამყარებს და მონაწილეობს პროექტში „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, არ აწყენდა, უფრო ღრმად შეესწავლა ეს ქვეყანა, მისი წარმატების წინაპირობები, რომლებიც ზუსტად რომ მართვის მეთოდებში, საკადრო პოლიტიკაში, ნეპოტიზმთან და კორუფციასთან ბრძოლაში მდგომარეობს!
ეს ნიშნავს, რომ ნეპოტიზმის წინააღმდეგ ერთადერთი მეთოდი შიშია?! - ისევ შეშფოთდებიან მკითხველები - ლიბერალ-დემოკრატები. არა, ბატონებო, არ ნიშნავს, არსებობს წამალი, რომლის რეცეპტი მემკვიდრეობით ისევ და ისევ სტალინმა დაგვიტოვა. კადრები წყვეტენ ყველაფერს“ - სამართლიანად მიაჩნდა დიდ ქართველს, ვინაიდან კადრების სწორად შერჩევა, კანონმდებლობით გამყარებული ჯანსაღი საკადრო პოლიტიკის გატარება თავიდანვე მინიმუმამდე დაიყვანს სახელისუფლო სტრუქტურებში ნეპოტიზმის აღმოცენებას, რომელიც კორუფციის ნოყიერი ნიადაგია!
არ გინდათ, გეთაყვა, საქართველოში ყოველთვის ყველაფერი ნაცნობობით წყდებოდა! - შემედავებიან მკითხველები - სკეპტიკოსები, და მართლები არ იქნებიან. სწორედ ამ მავნე სტერეოტიპმა, რომელიც ნეპოტიზმს ქართული მენტალობის განუყოფელ ნაწილად წარმოადგენდა, გააჩინა საზოგადოებაში პესიმიზმი და ამ მახინჯ მოვლენასთან შემგუებლობა, რომელთან ბრძოლასაც თითქოს არავითარი აზრი არ აქვს - აქაოდა, ქართველი სტალინი გამონაკლისი იყო!
ამ სკეპტიკოსებს შევახსენებ სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1972 წლის 22 თებერვლის დადგენილებას "სკკპ 24- ყრილობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ორგანიზატორული და პოლიტიკური მუშაობის შესახებ". რატომ არ იზიარებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნეპოტიზმთან და მის თანმდევ მახინჯ მოვლენებთან ბრძოლის იმ უპრეცედენტო კამპანიის გამოცდილებას? რატომ არ უნდა წაიკითხოს თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდობამ თავისი ქვეყნის ისტორიის ეს ფურცელი - თუნდაც, როგორც მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი იმის შესახებ, საქართველოს კომპარტიის ცეკას 1-მა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ნეგატიური ჩრდილოვანი მოვლენებისთვის როგორ მოხსნა თანამდებობებიდან 20 მინისტრი, 44 რაიკომის მდივანი, 3 ქალაქკომის მდივანი, 10 აღმასკომის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები?! ამ პოსტზე მუშაობის პირველ ხუთ წელიწადში შევარდნაძემ თანამდებობებიდან გაათავისუფლა 40 ათასი და დააპატიმრა 30 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 15 ათასი კომპარტიის წევრი იყო! განა დასავლეთის ქვეყნებიდან - საქართველოს დღევანდელი დამრიგებლებიდან - ბევრს შეუძლია დაიკვეხნოს ნეპოტიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის ასეთი ფართო მასშტაბის ღონისძიებებით?!
თუმცა, მკითხველის მიმართ მეტისმეტად მკაცრი არ ვიქნები, რადგან ხანგრძლივ პოსტსტალინურ პერიოდში, რომელსაც უძრაობის პერიოდად იხსენიებენ, იმ ადამიანების პროცენტი, რომლებმაც დამსახურებული აღიარება და სამსახურში დაწინაურება თავიანთი ნიჭის, გამოცდილების და კვალიფიკაციის წყალობით დაიმსახურეს, მინიმუმამდე შემცირდა - თანამდებობები მხოლოდ ნაცნობობით და ქრთამით ნაწილდებოდა! დასავლეთმაც არ დააყოვნა, რომ ამით ესარგებლა და სსრკ-ის ლიკვიდაცია სწორედ მათი - მექრთამეების, ქურდებისა და გამყიდველი მოღალატეების ხელებით მოახდინა.
მიხეილ გორბაჩოვის დროიდან დაწყებული, ცნებებისახელმწიფო მოხელე“, „თანამდებობისთვის შესაფერისი“, „სახელმწიფო მოღვაწესაბოლოოდ დაშორდა ცნებებსსახელმწიფოებრივად მოაზროვნე“, „სახელმწიფო, და არა პირადი ან ვიწრო პარტიული კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანი“ - პერსპექტიული კადრების ძიება და მათ ჩამოყალიბებაში დახმარება, ანუ ხელსაყრელი პირობების შექმნა, რათა სიმდიდრის და გავლენიანი ნაცნობების არმქონე ტალანტები ბოლომდე გაიხსნან და სახელმწიფოს სარგებლობა მოუტანონ, შეიცვალა მფარველობით ნათესაური ან მეგობრული სიახლოვის პრინციპით, ანდა ახლობლების მეშვეობით საიმედო სქემებით აღებული ქრთამების სანაცვლოდ.
ნათელი მაგალითი - საქართველო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დიქტატურის პერიოდში, რომელსაც დასავლეთში, უკრაინაში და რუსეთშიც კი ზოგიერთები საქართველოში კორუფციის გამანადგურებელ დიდ რეფორმატორად მიიჩნევენ. სტალინის თანამემამულემ მართლაც მოსპო კორუფცია საქართველოში საშუალო და დაბალ დონეზე - ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო, და არა ელიტური კორუფცია, მაგრამ არა რაიმე რეფორმატორული დასავლური „ნოუ-ჰაუებით“, არამედ რუტინული სტალინური მეთოდით - შიშით! თუმცა კადრების შერჩევის საკანონმდებლო დონეზე გამყარებული სისტემის შექმნა, რომელიც საწყისშივე გამორიცხავს ნეპოტიზმსა და კორუფციას, სააკაშვილმა ვერ შეძლო და არც უცდია გასაგები მიზეზების გამო. ხელისუფლების სისტემაში ხომ სწორედ სააკაშვილმა დაამკვიდრა გუნდის და გუნდურობისდამახინჯებული ცნებები, რაც გამოუცდელმა საზოგადოებამ სახელმწიფოს მართვის დასავლურ რეფორმატორულ მეთოდად აღიქვა.
სააკაშვილის წარმოდგენით, სახელმწიფოს უნდა მართავდეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კომპრომატით - მანკიერებებითა და დანაშაულებით არიან შეკრული, ამიტომ ადვილად იმართებიან და ერთმანეთს ურთიერთთავდებობით უჭერენ მხარს. ამასთან, მათი პარტიული ერთობა - მმართველი პარტიისადმი ნომინალური კუთვნილება - მეორეხარისხოვანია, ხოლო იდეალები და პრინციპები - მოუსყიდველობა, პატრიოტიზმი და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება - იცვლება ჯგუფის ლიდერისადმი მონური მორჩილებით, როგორც კერპთაყვანისმცემელთა სექტაში. აი, ორი მთავარი კრიტერიუმი, რომლებითაც შემთხვევითი ადამიანებისაგან საიმედოდ დაცულ სააკაშვილის გუნდში ხალხს იღებდნენ, რაც უბრალოდ ნიჭიერი, პერპექტიული და პატიოსანი პატრიოტების იქ შეღწევას აბსოლუტურად შეუძლებელს ხდიდა.
მაღალ პოსტს რომ დაიკავებ, აბა, ვის უნდა ენდო, თუ არა ახლობლებს საკუთარი გარემოცვიდან?!“ - ისევ შემეკამათებიან მკითხველები, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის სერიოზული გამოცდილება არ გააჩნიათ. სხვაგვარად ეცოდინებოდათ, რომ ცნებები ჩვენიანისხვისი სახელმწიფო სამსახურში უნდა გულისხმობდეს არა ნათესაურ ან მეგობრულ სიახლოვეს, და ერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილებასაც კი. ცნებებისახელმწიფო“, „სახელმწიფო ინტერესებიუფრო მაღლა დგას, ვიდრე ცნებებიპარტიადაპარტიული ინტერესები“, იმიტომ რომ პირველები მარადიულები არიან, მეორეები კი - დროებითი. ჩვენ საქართველოში რამდენიმე მმართველი პარტია გვახსოვს - კომპარტია, „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“, სად არიან ისინი დღეს?! „ნაცმოძრაობა“ და მისი ავადმყოფი ლიდერი უკანასკნელ დღეებს ითვლიან... ამიტომ კადრების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, პირველ რიგში, არა პარტიული ხელმძღვანელობის ან სახელისუფლო რეჟიმის, არამედ სახელმწიფო ეროვნული ინტერესების ერთგულება, არა პარტიული სიმპათიები და კავშირები, არამედ პროფესიული ჩვევები და კვალიფიკაცია!
რაც შეეხება გადახრებს, მაგალითად - ნორმას, რომელიც ახლო ნათესავებს ერთდროულად მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას უკრძალავს: როგორ მოვიქცეთ, თუკი, მაგალითად, ძმები ან ცოლ-ქმარი - ორივე საუცხოო სპეციალისტია თავის სფეროში? რატომ უნდა დაიჩაგროს ერთ-ერთი მათგანი? ეს ხომ არანაკლები უსამართლობაა, ვიდრე ნათესაობის ნიშნით კარიერული წინსვლა! თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს პრეცედენტების შედარებით უმნიშვნელო რაოდენობა, როდესაც ძმები ან მეუღლეები „თანაბრად ფასეული“ იყვნენ სახელმწიფოსთვის თავიანთი „ღირსშესანიშნავი ნიჭით“, მაგალითად - ძმები ბერძენიშვილები, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი მეუღლით და სხვ.
საკმარისია! განა საქართველოს დღეს უფრო მწვავე პრობლემები არ აქვს, ვიდრე ნეპოტიზმია?!“ - გაიკვირვებს ზოგიერთი მკითხველი. აქვს, ბატონებო, - ეკონომიკა, უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და უცნაური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც დოკუმენტებით ოფიციალურად გადის, როგორც „ოკუპანტი, აგრესორი და საფრთხე N1“, საქმით კი საქართველოს მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. მაგრამ ყველა პრობლემა საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სფეროში მაღალი სახელმწიფო თანამდებობებისთვის შეუფერებელი, ნაცნობობით ან დასავლეთის პროტექციით დანიშნული მენეჯერების უხარისხო მენეჯმენტის შედეგია! დიახ, სინანულით გვიწევს, ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში ნეპოტიზმის ახალი ფორმა წარმოშვა - მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე გარედან პროტექციით დანიშვნა, ანუ საერთაშორისო ნეპოტიზმი!
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემაა არაოკუპანტი რუსეთი, არც თუნდაც სააკაშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობით იმუქრება, არამედ ისევ და ისევ ნეპოტიზმი - როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. კონტრპროდუქტიული ირაციონალური საკადრო პოლიტიკა მმართველი პარტიაქართული ოცნებისა“, რომელიც მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობას და ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი კადრებით აკომპლექტებს, სახელმწიფოში მთავარ პრობლემად იქცა, კორუფციასთან მათთვის მისაწვდომ დონეზე სამართალდამცველი ორგანოების უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად.
კადრების შერჩევის მანკიერი პრინციპის ფონზე იკარგება მართლაც ნიჭიერი ხელმძღვანელების ძალისხმევა - მაგალითისთვის აღვნიშნავ სასჯელაღსრულების მინისტრ კახიშვილის უზადო მუშაობას, თბილისის ახალ მერს კალაძეს, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების მოგვარება, და სხვ.
და კიდე - ძლიან ცუდია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის „სამჭედლოდ“ - ახალი კადრების მთავარ მიმწოდებლად ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები რჩება. საქართველოში უკვე დიდი ხანია, არ არსებობს სახალხო მეურნეობის მართვის უმაღლესი სკოლა, სადაც ტრადიციულად იხვეწებოდა მმართველთა ჩვევები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ უმაღლესი სპეციალური განათლება, ზოგჯერ კი სამეცნიერო ხარისხიც, პლუს კვალიფიკაცია - სპეციალობით მუშაობის სტაჟი. ახალგაზრდები, რომლებმაც თავის პროფესიაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, დღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მიდიან, რომლების რესურსით კომპლექტდება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო! ამიტომაც საქართველოს მთავრობაში და პარლამენტში ვერ შეხვდებით გამოჩენილ აგრონომებსა და ინჟინრებს, ექიმებსა და იურისტებს, პედაგოგებს და მაღალკვალიფიციურ მუშებს, ხოლო უმაღლესი განათლების დიპლომები სავალდებულო არ არის, დაკავებული თანამდებობის პროფილს შეესაბამებოდეს (დიპლომზე მეტად ნებისმიერი უცხოური კურსების სერტიფიკატი ფასობს).
ცალკე თემაა მრჩეველთა - ნებისმიერი საკითხის ექსპერტთა პრივილეგირებული კასტა. ეს კარის ასტროლოგები სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელების გარშემო ტრიალებენ და ვითომდა ანალიტიკით არიან დაკავებული, სინამდვილეში კი საკადრო საკითხებს წყვეტენ, პროტექციას წევენ და აქედან დივიდენდებს იღებენ, რაც ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე პრიმიტიული მექრთამეობა. საქმე ის არის, რომ თუკი სტალინისთვის კადრები წყვეტდნენ ყველაფერს, სააკაშვილისთვის ყველაფერს წყვეტს პიარი (პაბლიკ რელეიშენზ, რასაც ხშირად იმეორებდა ბედკრული ჟვანია, სანამ მისი PR-ის დარგში ზედმეტად ნიჭიერი მოსწავლე - სააკაშვილი მოკლავდა). საზოგადოებასთან ურთიერთობის სეგმენტი საქართველოს სახელმწიფო აპარატში დღეს კონტროლდება ამ ავანტიურისტების მიერ, რომლებსაც მათი პროტეჟეების საშვალებით ხელი მიუწვდებათ მომგებიანი ინტრიგებისთვის აუცილებელ სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე.
***
აქვს თუ არა პარტიაქართულ ოცნებას რესურსი და სურვილი, უარი თქვას მახინჯ საკადრო პოლიტიკაზე და საკუთარი რიგების ფუნდამენტური წმენდა ჩაატაროს, როგორც საქართველოს კომპარტია მოიქცა თბილისის ქალაქკომის შესახებ ზემოთ მითითებული დადგენილების შემდეგ? შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ადმინისტრაციული რგოლების დაკომპლექტებას ნაცადი, საქმეში გამოცდილი და, ამავე დროს - კრეატიული კადრებით, რომლებსაც დღეს ჩრდილში ამყოფებენ ან საერთოდ გაიყვანეს თამაშიდან, როგორც, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი 2016 წლის დამდეგს? როდის წავა პრემიერი კვირიკაშვილი - არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ცვლილებები გავრცელდეს სიღრმეში და არ შემოიფარგლოს მორიგი კარუსელით ზედა ეშელონში.
ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო თითქმის აღარ დარჩა, ხოლო სტატუსითა და რესურსით ამ პროცესის დაწყება მხოლოდ მის დამფუძნებელსა და ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი - სპეციალურად საერთო გაზეთისთვის
2017 წლის 25 დეკემბერი
საქართველო, თბილისი