პოლიტიკა
მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ მიმართულებით დიდთოვლობა იქნება ან მეწყერი ჩამოწვება, ტვირთი ცხინვალის გავლით იმოძრავებს - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს საგადასახადო სამსახურმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთგადაზიდვის მონიტორინგის შესახებ. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელშიც არცერთი პუნქტი არ არის მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, მასში საერთოდ არ არის ლაპარაკი აფხაზეთში ჩვენს ინტერესებზე. ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც საკონტროლო-გამშვები პუნქტისზემო ლარსის“ მიმართულებით დიდთოვლობა იქნება ან, დავუშვათ, მეწყერი ჩამოწვება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნება ეს მექანიზმი ცხინვალის მიმართულებით. ისიც - ხელშეკრულების ტექსტის სრული დაცვით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამ კორიდორით სარგებლობას შეძლებს თურქეთიც, სომხეთიც და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს იყენებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს მხოლოდ ცალმხრივი ხელმოწერაა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, იმიტომ რომ რუსეთის მიერ წამოყენებული გარკვეული პირობები ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა პრემიერმა და განმარტა, რატომ მოეწერა ხელი  ხელშეკრულებას რუსეთთან შეთანხმების გაფორმებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ.
„ეს შეთანხმება წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. რატომ არ იყო ის დღემდე ხელმოწერილი? ამას მარტივი მიზეზი აქვს. იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. მეტსაც გეტყვით, მათი მხრიდან დღესაც არის მოთხოვნები, რომ ამ ხელშეკრულების ტექნიკურ დეტალებში ისეთი შესწორებები შევიდეს, რომლებიც ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.