პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს 78 ათასი მიგრანტი, რაც ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხვის 2%-ს შეადგენს

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. გაეროს დეპარტამენტმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიგრანტთა რაოდენობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, იუწყება „Sputnik“-ი.
კვლევის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს 78 ათასი მიგრანტი, რაც ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხვის 2%- შეადგენს. ეს მაჩვენებელი ამიერკავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დაბალია. საქართველოში ამ კუთხით სტაბილურობა შეინიშნება - 17 წლის განმავლობაში მიგრანტების რაოდენობა მხოლოდ 2 ათასით გაიზარდა. საქართველოში მცხოვრები მიგრანტის საშუალო ასაკია 40 წელი. მიგრანტთა ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ (56%).
გაეროს მონაცემებით, დღეისათვის სომხეთში 191 ათასი მიგრანტი ცხოვრობს, თუმცა, საუკუნის დასაწყისთან შედარებით, როდესაც მათი რიცხვი 658 ათასს შეადგენდა (მთელი მოსახლეობის 21%-ს), სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
აზერბაიჯანში 259 ათასი მიგრანტია, რაც 70 ათასით ნაკლებია, ვიდრე 2000 წელს. თურქეთში მათი რიცხვი თითქმის 5 მილიონს აღწევს, მაშინ, როდესაც 17 წლის წინ მათი რაოდენობა 1,3 მილიონს არ აღემატებოდა.
რუსეთი მიგრანტთა რაოდენობით ლიდერთა ხუთეულში შედის — იქ დაახლოებით 12 მილიონი მიგრანტია, რაც 2000 წლის მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება.
რუსეთის გარდა, მიგრანტებისათვის მიმზიდველი ქვეყნების ხუთეულში შედის აშშ (49,8 მილიონი), საუდის არაბეთი (12 მილიონი), გერმანია (12 მილიონი) და დიდი ბრიტანეთი (9 მილიონი).
დაახლოებით 258 მილიონმა ადამიანმა (ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 3,4%) დატოვა მშობლიური ქვეყნები და სხვა სახელმწიფოებში დასახლდა — ისინი საერთაშორისო მიგრანტები გახდნენ. 2000 წლიდან მათი რიცხვი 49%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებს — ეს არის ინდოეთი, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, სირია, პაკისტანი და უკრაინა.