სამართალი
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე, 2 ნომერში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც "რუსთავი 2"-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
"რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავებს პარკში შესასვლელი გადაკეტილი აქვთ.
"რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
პაციენტი მოყვანილია სასწრაფოს მიერ. აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები გულკერდის მიდამოში. პაციენტი აყვანილია საოპერაციო ბლოკში, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება”, - განმარტა ექიმმა.