აქტუალური
მაიდანზე 2014 წელს 53 ადამიანის მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, საქართველოს ორი მოქალაქე დაჰკითხონ

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. კიევში 2014 წლის თებერვალში მაიდანზე სროლის საქმეზე, შესაძლოა, საქართველოს ორი მოქალაქე დაჰკითხონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია „112“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სასამართლომ ქართველი „სნაიპერების“ ვიდეოკავშირის საშუალებით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქართველოს მოქალაქეების დაკითხვას უკრაინის სპეცრაზმ „ბერკუტის“ ყოფილი წევრების ადვოკატი ალექსანდრ გოროშინსკი ითხოვდა. გოროშინსკის თქმით, მაიდანზე მკვლელობების საქმის ორი მოწმე – ალექსანდრე რევაზიშვილი და კობა ნერგაძე მზად არიან, ჩვენებები მისცენ.
ადვოკატის მტკიცებით, ეს ადამიანები იყვნენ მოწმეები, თუ როგორ ესროდნენ სნაიპერები ცეცხლს მაიდანზე მყოფ როგორც მომიტინგეებს, ისე სამართალდამცველებს. ალექსანდრ გოროშინსკის თქმით, კიევში 2014 წლის თებერვალში მომხდარი ცნობილი მოვლენების დროს რევაზიშვილი და ნერგაძე სასტუმრო „უკრაინის“ და კონსერვატორიის შენობებში იმყოფებოდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაცვის მხარის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურატურამაც. როგორც პროკურორმა იანის სიმონოვმა განაცხადა, ამგვარი დაკითხვა მიზანშეწონილია, რადგან ამან, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს 2014 წლის 20 თებერვლის მოვლენებს. სიმონოვის თქმით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი მოთხოვნა უკვე გაგზავნა.
კიევში 2014 წლის 20 თებერვალს სროლის შედეგად მაიდანზე 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აქციის 49 მონაწილე და ოთხი სამართალდამცველი.