პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე: რამდენიმე მცდარი წარმოდგენის შესახებ ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიაზე

      საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ამ ურთიერთობების ისტორიაში დადებითის მონახვაც შეიძლება და უარყოფითისაც. სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის მანძილზე, გარეშე ჭკვიანი მტრებისა თუ შინაური ბრიყვი მოკეთეების მოწადინებით, აქცენტი კეთდება ყველაფერ ცუდზე, თუკი რამ მომხდარა ამ ურთიერთობებში. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ესა თუ ის ფაქტი იმდენად არ შეიცავს უარყოფით მომენტებს, რამდენადაც მისი უარყოფითად წარმოჩენა, ინტერპრეტირება ხდება. სწორედ ასეთ რამდენიმე გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციასა და რეალობის დამახინჯებას ეძღვნება ეს მცირე მოცულობის ბროშურა, რომელშიც სავსებით შეგნებულად გამოვიყენეთ მოკლე და კონკრეტული განმარტებები, რათა უპირატესობა მიენიჭოს რეალურ ფაქტებს, და არა მათ სუბიექტურ ინტერპრეტაციას. ბროშურას არ აქვს პრეტენზია რაიმე ახალი ისტორიული ფაქტის აღმოჩენაზე, არამედ ამ ფაქტებს შესაბამის კონტექსტში ახმოვანებს და შეახსენებს მათ ქართველ მკითხველს.
მაშ ასე, ზოგიერთი არასწორი წარმოდგენა (სტერეოტიპი) ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიიდან და ობიექტური რეალობა ამ წარმოდგენების წინააღმდეგ.
რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო
      დაპყრობას ადგილი არ ჰქონია. ქართლ-კახეთის მეფემ (1798 წ. იანვარი-1800 წ. დეკემბერი), გიორგი მეთორმეტემ რუსეთის იმპერატორს ნებაყოფლობით დაუთმო სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი და სიმბოლო. ამასთან ერთადერთი, რასაც გიორგი მეფე ითხოვდა იმპერატორ პავლე პირველისაგან, იყო ნომინალური მეფობის შენარჩუნება და გარდაცვალების შემდეგ თავისი შვილის, დავითის ტახტზე დამტკიცება.
ქართლ-კახეთის სამეფო კარი ჯერ კიდევ მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე იქცა დიდი ინტრიგების ბუდედ, რასაც სათავე ერეკლეს მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა დაუდო. დარეჯანი ერეკლეს ძის, გიორგის, დედინაცვალი იყო და ვერ იტანდა მას. დარეჯანს თავისი საკუთარი შვილები სურდა ტახტზე ასასვლელად. იულონ და ალექსანდრე ბატონიშვილები არანაირ უკადრის საქციელზე არ იხევდნენ უკან, ოღონდ კი გიორგი შეევიწროებინათ და არ დაეშვათ შერყეული ჯანმრთელობის მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტის გადასვლა მის შვილზე დავითზე. გიორგის არ გააჩნდა ის ავტორიტეტი და ძალა, რაც მის მამას ჰქონდა. ერეკლეს მიერ გაერთიანებული ქართლ-კახეთი ისევ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
მე-19 საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი „გიორგი მეცამეტის ცხოვრებაში“ (გიორგი მეთორმეტე მატიანეებში ზოგჯერ გიორგი მეცამეტედ მოიხსენიება) წერს: „თვესა მეოთხესა შემდგომად გამეფებისა მოხდა ამბოხი ძმათაგან მეფისა გიორგისა მეორისა დედიდან. იულონ, გამეფებულ ქართლსა, აღიარებდა უფლებასა თვისსა მეფობისა ტახტისათვის, ანდერძისა გამო მეფისა ირაკლისა. ვახტანგ ანუ ალმასხან (ორ სახელოვანი) არაგვისა განმგე, ჰგონებდა თავსა თვისსა არა დამოკიდებულად მეფისაგან, ვითარცა ბატონი და ერისთავი, ძველთა წესითა, არაგვისა. მირიან გაბატონდა მარტყოფსა და ფარნაოზ სურამსა. ალექსანდრე ივლტოდა სპარსეთსა და შეევედრა ყეენსა, რეცა მტერი რუსეთისა. ... ესრეთმან უგვანმან ანდერძმან, დაწერილმან ყორღანაშვილისა ოსეფასაგან, აღსძრა შფოთი ძმათა შორის. მეფე გიორგი იძულებული მოსვლადმდე რუსეთისა ჯარისა, მიეღო ღონე დამშვიდებისათვის ქვეყნისა. ... მოითხოვა ავარიისა ხანიდამ 3.000 ლეკი ფასითა ნაქირავნი. ესენი დააყენა მცველად ქალაქისა ავლაბარსა და მეტეხისა ხიდისა გარეთ. დღესა ერთსა ბელადი მათი მურად, მარადის მეფესთან მყოფი და ერთგული, ეტყოდა მეფესა: „ბატონო მეფევ, თქვენი ძმები მეცადინეობენ მომისყიდონ მეცა და ჯარიცა და გიღალატოთ თქვენ“.1 მეფეს დარეჯან დედოფლის დაპატიმრება უბრძანებია, მაგრამ შეშინებულ დედოფალს ბოდიში მოუხდია და გიორგი მეფეც დამცხრალა. ძმებმაც დროებით გადადეს მტრობა მეფესთან, თუმცა ხელსაყრელი ვითარების გამოჩენისთანავე ალექსანდრე ბატონიშვილი ომარ-ხან ავარელთან ერთად აღმოჩნდა, რომელიც 1785 წლიდან მოყოლებული, ხარკს ართმევდა დასუსტებულ ქართლ-კახეთს. ომარი 1800 წელს კვლავ დიდძალი ჯარით შემოიჭრა კახეთში, მაგრამ ივრის პირებთან განადგურებულ იქნა გენერალ ლაზარევის მცირერიცხოვანი რუსული რაზმის მიერ, რომელსაც ქართული ლაშქარიც ეხმარებოდა.
დარეჯან დედოფალი და იულონ ბატონიშვილი ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლეში, 1800 წლის ზაფხულში, რუსეთის იმპერატორ პავლეს უგზავნიდნენ წერილებს,2 რათა რუსეთს გიორგის სიკვდილის შემდეგ უზრუნველეყო დარეჯანის მითითებით ოსეფა ყორღანაშვილის მიერ შეთითხნილი და ერეკლეს მიერ ოჯახის მხრიდან ზეწოლის ქვეშ ხელმოწერილი ანდერძის აღსრულება, რომლის თანახმადაც ტახტის მემკვიდრეობა არა გიორგის ვაჟს დავითს, არამედ ერეკლეს ძმას იულონს უნდა ჩაებარებინა. თავის მხრივ, არც გიორგი მეფე აკლებდა იმპერატორთან ჩივილებს, და თავის ძმა ალექსანდრეს „სამშობლოს მოღალატედ“ მოიხსენიებდა.3
აი ასეთი იყო ჩვენი „სახელმწიფოებრიობა“ - პრიმიტიული ფეოდალიზმი, აურაცხელ მტერთა გარემოცვაში მგმინავი ქვეყანა, რომელიც სამეფო კარის წევრებს ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, ვიდრე საკუთარი პოლიტიკური ამბიციები. ქვეყანა რომ არ ჩავარდნილიყო ქაოსში, მეფეს ისევ მაოხრებელი ლეკებისთვის უნდა ეხადა ფული და ლეკების ხელით შეეკავებინა თავაშვებული ქართველი ფეოდალები. საოცარია, მაგრამ ჩვენი ე. წ. „სახელმწიფოებრიობა“, რომელსაც ნიანგის ცრემლებით მისტირიან თანამედროვე „გრანტოსანი“ ისტორიკოსები, ლეკთა კეთილგანწყობაზე გახდა დამოკიდებული. ამ ვითარებას მეფე გიორგი კარგად ხედავდა, მიუხედავად ფიზიკური სნეულებისა და უძლურებისა, ამიტომ მან ისევ რუსეთი არჩია. გიორგიმ, როგორც ქართლ-კახეთის ლეგიტიმურმა მეფემ, უარი თქვა დამოუკიდებლობის თითქმის ყველა ნიშანზე და ქვეყანა გადაულოცა რუსეთის იმპერიას.
კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში ქართული ელჩობის 1800 წლის 23 ნოემბრის ნოტის თანახმად (ეს ნოტა შედგება გიორგი მეფის 16 სათხოვარი პუნქტისაგან რუსეთის იმპერატორისადმი),4 ქართველები თავს აღიარებენ („ხელმწიფე, დიდგვაროვნები, სამღვდელოება და ერი“) რუსეთის იმპერიის სამუდამო ქვეშევრდომებად და ვალდებულებას იღებენ, „წმინდად შეასრულონ ყოველივე ის, რასაც ასრულებენ რუსეთის ქვეშევრდომები, მიიღონ და თავდაუზოგავად შეასრულონ ყოველი კანონი და ბრძანება, აღიარონ სრულიად რუსეთის იმპერატორი თავიანთ ბუნებრივ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად“ («...съ признанием Всероссiйскаго Императора за своего природнаго Государя и Самодержца»).
როგორც ვხედავთ, საკმაოდ ცალსახა ფორმულირებაა. სხვა თუ არაფერი, ქართული მხარე თავს ვალდებულად აცხადებს, რუსული კანონები შეასრულოს, რაც სუვერენიტეტზე ნებაყოფლობით უარს ნიშნავს. გარდა ამისა, გიორგი სთხოვს იმპერატორს, დაუნიშნოს ჯამაგირი და რუსეთში სოფლები დაუმტკიცოს, საქართველოში გამოგზავნოს დამხმარე ჯარი, ჩაიბაროს ყველა ციხე-სიმაგრე, მოავლინოს რუსი სპეციალისტები და აღადგინოს დახურული მადნების მოპოვება. იგი ასევე სთავაზობს იმპერატორს, მოჭრილი ფულის ერთ მხარეს რუსეთის იმპერატორი იქნას გამოსახული რუსული წარწერით. დოკუმენტის პრეამბულაშიც საუბარია ქართველთა მხრიდან „სრულ მორჩილებაზე“ და „დამოკიდებულებაზე“. ვიმეორებთ, რომ ეს ფორმულირებები სხვადასხვა ინტერპრეტაციებისთვის ძალიან მცირე მანევრის საშუალებას ტოვებს, ტყუილად ირჯებიან მარქსიზმის დროიდან „ანტიცარისტული“ იდეოლოგიით გაჟღენთილი ისტორიკოსები, რომ აქ რაიმე სხვა აზრი გამოძებნონ. მეფე გიორგი XII ცალსახად ამბობს უარს, თანამედროვე გაგებით, სუვერენიტეტზე. ერთადერთი, რაც შემდგომში რუსეთმა დაპირების მიუხედავად არ შეასრულა, ეს არის გიორგის ვაჟის, დავითისთვის მეფობის დამტკიცება და სამეფო ტახტის შენარჩუნება.
მაგრამ არის თუ არა ამ თხოვნის არშესრულება ქვეყნის დაპყრობის ტოლფასი? და თან ქვეყნისათვის სახიფათო ინტრიგების და შუღლის ფონზე, რაც სამეფო კარზე ხდებოდა და ზემოთ ამ ინტრიგების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი აღვწერეთ! დასკვნის გაკეთება თავად მკითხველისთვის მიგვინდია... ჩვენი სუბიექტური აზრით, ეს იყო არა დაპყრობა, არამედ არასუვერენული ქვეყნის ვასალიტეტის - ერთგვარი ავტონომიის გაუქმება.
აქვე იმასაც დავძენთ, ასევე სუბიექტური შეხედულებით, რომ ინტრიგანი დედოფალი დარეჯანის გაზულუქებულ შვილებზე უკეთესი არც დავით გიორგის ძე იყო. თუკი დარეჯან დადიანი და მისი შვილები არ თაკილობდნენ ახალციხის ფაშის, ირანის შაჰის, აზერბაიჯანელი ხანებისა და სომეხი მელიქების „დახმარებას“,5 ოღონდ კი ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში, ამ ჭკუათხელმა „ბატონიშვილმა“ თავისი სამუშაო ოთახიდან მაცხოვრის ხატი გამოაძევა და მის მაგივრად ვოლტერის სურათი დაკიდა.6 გიორგი მეფე თავისი შვილის სირეგვენეს ფრიად განიცდიდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. ასეთი მონარქიის დაკარგვით, საქართველოს ბევრი არც არაფერი დაუკარგავს.
ყოველ შემთხვევაში, 1801 წლის 12 აგვისტოს ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების მანიფესტის გამოცხადებას არ მოჰყოლია სახალხო მღელვარება და აღშფოთება.7 ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობამ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დადო ფიცი.8
 უფრო სხვაგვარად განვითარდა მოვლენები ლიხის ქედს დასავლეთით - იმერეთის სამეფოში. იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებას უარყოფითად შეხვდა. სოლომონი ქართველების დაუძინებელი მტრებისგან - ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებისგან ელოდა დახმარებას, რათა რუსეთის ჯარებს დასხმოდა თავს და გაეძევებინა ისინი. 1804 წლის 19 აპრილს რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა პავლე ციციანოვმა (წარმოშობით ქართველმა ციციშვილმა) პირადად გააფრთხილა სოლომონ მეორე ომის გარდაუვალობის შესახებ - „სამწუხაროდ, აუცილებლად ვცნობ, რომ თქვენთან მექნეს სხვანაირი შეხვედრა“, ე. ი. ბრძოლის ველზეო - განუცხადებია ციციანოვს სოლომონისთვის.9 რამდენიმე დღეში რუსეთის ჯარები გენერალ ტუჩკოვისა და პოლკოვნიკ ერისთავის მეთაურობით ქართლიდან იმერეთში გადავიდნენ. ახლა სოლომონი დათმობაზე წავიდა და 4 ივნისს სოფ. საჭილაოში ხელი მოაწერა რუსეთთან ტრაქტატს, რომელსაც სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა.
თუმცა რუსები არ ენდობოდნენ სოლომონ მეორეს და ციციანოვმა დაიკავა ქუთაისი, ასევე იმერეთის ყველა ციხე-სიმაგრე, მეფის კარზე კი თავისი წარმომადგენელი ლიტვინოვი მიამაგრა, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განაგებდა. საბოლოო ჯამში რუსებმა სოლომონის ნების საწინააღმდეგოდ და სამხედრო ძალაზე დაყრდნობით, გააუქმეს იმერეთში მეფობა და იმერეთი რუსეთს შეუერთეს. ეს მოხდა 1810 წელს. როგორც იმჟამინდელი მემატიანე გვაუწყებს, „ქკს უჟ (ე. ი. 1810 წელს) აქა რუსთა დაიპყრეს იმერეთი“.10 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გურულებმა და მეგრელებმა - „გურიელმა და დადიანმა დიდი დახმარება გაუწიეს რუსთა ჯარებს იმერეთის დაპყრობაში“,11 თან ისიც ვიკითხოთ, რა პოლიტიკას აწარმოებდა სოლომონ მეორე და რა ელოდა ქვეყანას მისი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში. არანაირი ვარაუდები, მხოლოდ ფაქტები!
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლომონ II ქართველების დაუძინებელ მტრებს - ოსმალებსა და სპარსელებს უხმობდა საშველად. ამასთან, იგი ატყუებდა თავის ხალხს, რომ ხალხის ნების გარეშე უცხო ჯარებს არ შემოიყვანდა ქვეყნის ტერიტორიაზე.12 სოლომონის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით, 1811 წელს, მან ნაპოლეონთანაც აფრინა წერილები, „ვითარცა უნივერსალურ არბიტრთან“ და მას მფარველობაში მიღებას სთხოვდა.13 1810 წლის ივნისში, სოლომონის პროკლამაციების და საკუთრივ კორუმპირებული რუსი მოხელეების თავგასულობის გამო, იმერეთში აჯანყება მოხდა. ახალციხის საფაშოდან იმერეთში დაბრუნებული სოლომონი თავადებთან ერთად ჩაუდგა სათავეში ამ აჯანყებას. როგორც ხშირად ყოფილა, ამჯერადაც ისევ ქართველები მონაწილეობდნენ აქტიურად აჯანყებულ ქართველებთან ბრძოლებში. თავდაპირველად ინიციატივას აჯანყებულები ფლობდნენ. მათ დაამარცხეს მაიორ კალატოზიშვილის რაზმი, კალატოზიშვილი მოკლეს; ასევე დამარცხდა სიმონოვიჩის ქუთაისის გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ლევან დადიანი, ისევე, როგორც თბილისიდან გამოგზავნილი გენერალი დიმიტრი ორბელიანი. მის ნაცვლად დანიშნულ ბარონ როზენს ჭეშურას ხეობაში უკვე ახალციხელი თურქების და დაღისტნელების გაერთიანებულ ჯართან მოუწია ბრძოლების გადატანა, რომლებიც ტახტის დაბრუნებისთვის მებრძოლ სოლომონს ეხმარებოდნენ. ამჯერად რუსეთის ჯარებმა იმარჯვეს და თურქ-ლეკები გაანადგურეს. მალე როზენისა და სიმონივიჩის ჯარებმა აჯანყებულები მთელ იმერეთში დაამარცხეს.14
ცნობილი ისტორიკოსი აბელ კიკვიძე იმერეთის ამბებს და სოლომონ მეორის მოღვაწეობას ასე აფასებს: „ასეთი მარცხით დამთავრდა სოლომონ მეორის ბრძოლა. მან ისარგებლა ახალი ხელისუფლებისადმი ხალხის დიდი უკმაყოფილებით და მსხვერპლად შეიწირა დიდძალი ადამიანის სიცოცხლე. ... სოლომონ II იბრძოდა თავისი ხელისუფლებისათვის და რუსეთის წინააღმდეგ იგი თურქეთის ძალებს ემყარებოდა. ამრიგად, ის დასავლეთ საქართველოს მოსპობის საფრთხის წინაშე აყენებდა“.15 რაოდენ განსხვავდებოდა სოლომონ მეორე თავისი ბიძისაგან, თავმდაბალი, სპეტაკი პიროვნების - მეფე სოლომონ პირველისგან, რომელიც სამარცხვინო „ტყვის სყიდვას“ ებრძოდა და მზად იყო, თავისი სამეფო ტახტი დაეთმო და რუსეთში გადასახლებულიყო, ოღონდაც სულთნისათვის წელიწადში რამდენიმე ათეული ქალ-ვაჟი, „ქრისტიანის სული“, ხარკის სახით, მონობაში არ გაეგზავნა!16
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ანტიქართული და ანტიეკლესიური მოტივებით იყო ნაკარნახევი
საინტერესოა, რომ 1812 წელს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის გაუქმებას დღესდღეობით მეტწილად ლიბერალური იდეოლოგიის, ანტირუსული და სულაც ანტიეკლესიური, ანტიმართლმადიდებლური ორიენტაციის ადამიანები მისტირიან და მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ საზოგადოებას ეს ფაქტი შეახსენონ. თანაც, ისეთ ახსნას უძებნიან ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას, რომ იგი ქართველი ხალხის ეროვნული და ეკლესიური ცნობიერების ამოძირკვის მიზნით გადაიდგა.
სინამდვილე შედარებით უფრო რთულია. რუსეთის პირველმა, პროევროპელმა იმპერატორმა პეტრე დიდმა 1721 წელს საკუთრივ რუსეთში გააუქმა პატრიარქის წოდება და ეკლესია, ევროპული პროტესტანტული ქვეყნების მსგავსად, თავად, როგორც იმპერატორმა, დაიქვემდებარა. ამ ნაბიჯს რუსეთში მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა და დღესაც აკრიტიკებენ პეტრეს ეკლესიის ამგვარი „რეფორმის“ გამო.17 მაგრამ პეტრეს საეკლესიო რეფორმა აღიარეს უძველესი ტრადიციების მართლმადიდებელმა საპატრიარქოებმა - იერუსალიმის, ანტიოქიის, კონსტანტინეპოლის. იმპერატორმა თავისი გაიტანა და მომხრე სასულიერო პირების დახმარებით, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორის დასაბუთებას უძველესი საეკლესიო ტრადიციების მოშველიებითაც შეეცადა. ასეა თუ ისე, პეტრე და მისი მომდევნო ყველა რუსი მონარქი გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქობის აღდგენა კი მხოლოდ 1917 წელს, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის გადადგომის შემდგომ მოხდა (რუსეთშიც და საქართველოშიც)..
გამომდინარე აქედან, რუსეთი ვერ დაუშვებდა ერთ სახელმწიფოში ეკლესიის მართვის ორი სხვადასხვა მოდელის თანაარსებობას. ასე და ამრიგად, 1812 წელს გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია (თუმცა არც ერთ რუსულ დოკუმენტში ავტოკეფალია და მისი გაუქმება არ არის ნახსენები, არამედ შეიქმნა საეგზარქოსო, რომელსაც გადაეცა ეკლესიის მმართველობითი უფლება-მოსილებანი18). ეს სულაც არ იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ მისი ახსნა ამგვარად შეიძლება. ასევე არ არის გასაკვირი, რომ რუსებმა სომხებს დაუტოვეს ეკლესიის დამოუკიდებლობა კათალიკოსითურთ (სომეხთა კათალიკოსის წოდება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს, პოლიტიკური მოტივებით გააუქმეს), რადგან სომხური ეკლესია არ არის მართლმადიდებლური და მონოფიზიტი სომხები არ იმყოფებიან ევქარისტულ კავშირში მართლმადიდებელ ხალხებთან, მათ შორის, რუსებთან და ქართველებთან.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად, რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე ქართული ეკლესიაც ორად იყო გაყოფილი - მცხეთაში იჯდა ეკლესიის მეთაური, კათოლიკოს-პატრიარქი, დასავლეთ საქართველოს კი გამუსლიმანებული აფხაზეთიდან გელათში გადმოსული ბიჭვინთის (აფხაზეთის) კათოლიკოსი მართავდა. „XV ს-ის მიწურულსა და XVI ს-ის დასაწყისში ყოვლად გაუგონარი ამბავი მოხდა – ქართული ეკლესიის წიაღში წარმოიშვა სეპარატიზმი. საბედნიეროდ, ეს არ იყო სარწმუნოებრივი განხეთქილება. ერესი და სექტანტობა უცხო იყო ქართველი ქრისტიანებისათვის. სეპარატიზმი იმაში გამოიხატა, რომ საქართველოს ეკლესიის სამოციქულო საყდრისგან ადმინისტრაციული განდგომა დააპირა მესხეთის ეკლესიამ, ხოლო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ზოგიერთმა იერარქმა, სამოციქულო ღირსების, მცხეთიდან – თავიანთ ეპარქიებში გადატანის სურვილი გამოამჟღავნა. ეკლესიის დაშლის შემდეგაც დასავლეთ საქართველოსა და მესხეთის ეკლესიებში წირვა-ლოცვა და ყოველგვარი საეკლესიო ადათი თუ ჩვევა ძველებურადვე ქართული რჩებოდა. მხოლოდ ეს იყო, რომ წირვისა და ლოცვის დროს სრულიად საქართველოს მეფისა და კათალიკოს-პატრიარქის სახელებს აღარ მოიხსენიებდნენ“.19 ამ გარემოებამ მესხეთის გამუსლიმანება და დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის კიდევ უფრო მეტი დასუსტება გამოიწვია.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ვასკვნით, რომ რუსეთმა, როდესაც შექმნა ერთიანი საეგზარქოსო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ამ გზით საეკლესიო ორხელისუფლებიანობა გააუქმა და სამომავლოდ ერთიანი ქართული ეკლესიის აღდგენის საფუძველი შექმნა, რაც მოხდა კიდეც 1917 წელს. ამიტომ, სხვა თუ არაფერი, რუსეთის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაში ანტიქართული მოტივების დანახვა არასერიოზულია ან მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს. ხოლო თუკი ლიბერალებს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არ მოსწონთ, მაშ რატომ არ იმეტებენ ერთ საქებარ სიტყვას მაინც სტალინის მისამართით, რომელმაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის პატრიარქს 1943 წელს ისევ აღიარებინა?
      გასათვალისწინებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო მდგომარეობაც, რომელშიც იგი იმყოფებოდა მთელი მე-18 საუკუნის მანძილზე. სწორედ დაკნინებული ქართული ეკლესია იხილეს რუსებმა, რომელთაც ჯერ კიდევ ერეკლე მეფე სთხოვდა, საქართველოში განათლებული სასულიერო პირები მოევლინათ. ცნობილია, რომ დაახლოებით მე-16 - მე-17 საუკუნეებში „აღორძინება დაიწყო პრიმიტიულმა ხალხურმა რწმენებმა, რასაც დაერთო მთის მოსახლეობის მასობრივი ჩამოწოლა, რომელმაც თან ჩამოიტანა მთის ქრისტიანიზებული წარმართობა“.20 ქართულმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ ბევრად უფრო ადრე დაკარგა ყველა უძველესი მონასტერი ათონის მთაზე და პალესტინა-იერუსალიმში, ვიდრე საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა და რუსეთის ხელისუფლება აქ ავტოკეფალიასა და პატრიარქობას გააუქმებდა. ეს სავალალო ფაქტიც დალხენილი ცხოვრებისგან არ მომხდარა. ეკლესიის დაქვეითება ყველა მიმართულებით ღრმავდებოდა. განსაკუთრებით კატასტროფული ვითარება დასავლეთ საქართველოში იყო, სადაც საეკლესიო კათედრები და საეკლესიო ცხოვრება ბევრ, უწინ ძლიერ ქრისტიანულ ცენტრში საერთოდ მოისპო.21 მე-17 საუკუნის მიწურულიდან, „ტყვის სყიდვაში“ თავად-აზნაურობასა და გააბრაგებულ გლეხობასთან ერთად, ცალკეული ეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ (!).22
გარდა ამისა, რუსეთთან ქართული სამეფო-სამთავროების შეერთებამდე, სასულიერო პირების დიდი ნაწილი - მღვდლები და დიაკვნები იმყოფებოდნენ ყმობის მდგომარეობაში, ისინი თავადების ყმებად იდგნენ და იხდიდნენ შესაბამის ბეგარასა და ღალას.23 ამ უცნაურობის შემხედვარე იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1808 წლის 7 ივლისს უბრძანა აღმოსავლეთ საქართველოს მთავარმართებელს, გრაფს, გენერალ ივან გუდოვიჩს, რომ ყმობის მდგომარეობიდან და საბატონო გადასახადებიდან სამუდამოდ გაეთავისუფლებინა სასულიერო წოდების წარმომადგენლები; ეს ღონისძიება ოდნავ მოგვიანებით იმერეთშიც განხორციელდა.24
რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში 1802 წლის 12 აპრილს დამკვიდრდა. 9 აპრილს უმაღლესი მმართველობის უფროსად დანიშნული გენერალი კნორინგი ამალის თანხლებით დიდი ზეიმით შემოვიდა თბილისში. მათ წინ უძღოდათ ქართველთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ ხანაში ჯერ გადაუმალავთ, შემდგომ კი რუსეთში გაუტანიათ და მოსკოვში ვახტანგ მეექვსის შთამომავლის, ბაქარ ბაგრატიონის განკარგულებაში აღმოჩენილა. ბაქარის შვილიშვილმა, გიორგიმ, ჯვარი 1801 წელს გადასცა იმპერატორ ალექსანდრეს. იმპერატორმა საჭიროდ მიიჩნია, რომ საეკლესიო სიწმინდე - ვაზის ჯვარი, საქართველოში დაბრუნებულიყო. ეს ჯვარი დღესაც თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
რუსეთის იმპერია ქართველთა რწმენას უპატივცემულოდ არასოდეს ეპყრობოდა; ქართველთა რწმენა - რუსების რწმენაც არის. რუსეთის შემადგენლობაში ქართველობამ ეკლესიის დაკარგული ავტოკეფალიის მიუხედავად, შეინარჩუნა მთავარი - ქრისტიანობა. ეკლესიამ კი მე-19 საუკუნის მანძილზე და მე-20 საუკუნის დასაწყისში არაერთი ღირსეული ქართველი სასულიერო მოღვაწე აღზარდა. მათ შორის უდავოდ არის ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გახდა კირიონ II-ის სახელით. თავისი ეპისკოპოსობის პერიოდში, 1900-იან და 1910-იან წლებში, კირიონს ბევრი უსიამოვნება აქვს გადატანილი იმპერიის ადმინისტრაციისგან, რადგან ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იღვწოდა. კირიონს ზედმეტ „რუსოფილობაში“ ბრალს ვერავინ დასდებს. საინტერესოა, რომ 1917 წელს პატრიარქად ზარ-ზეიმით არჩეული კირიონი 1918 წლის 27 ივნისს, ე. ი. საქართველოს „დამოუკიდებლობის“ გამოცხადების შემდეგ ერთი თვის თავზე, ტყვიით განგმირული იპოვეს. უკეთურნი პატრიარქის მკვლელობას არ დასჯერდნენ და მას ხმა გაუვრცელეს, თავი მოიკლაო.25 პატრიარქ კირიონის მკვლელობა „დამოუკიდებელი“ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ საგულდაგულოდ მიჩქმალა და გამოუძიებელი დატოვა. ჩვენში ყველანაირი ბოროტების გადაბრალება რუსებზე ტრადიციად იქცა, მაგრამ წმ. კირიონ მეორის მკვლელობის შემთხვევაში ხელს რუსეთისკენ ვერც ერთი ჭკუათამყოფელი ვერ გაიშვერს. ეჭვი ისევ ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე - „დამოუკიდებელი“ საქართველოს მმართველ მენშევიკებზეა.
და აი, რუსეთის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული მომავალი პატრიარქი და წმინდანი, ჯერ კიდევ გორის ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი 1901 წელს გამოსცემს რუსულენოვან წიგნს, რომელშიც მე-19 საუკუნის საქართველოს ეკლესიისა და საეგზარქოსოს ისტორიაა აღწერილი. წიგნში აღწერილი ფაქტები პირველწყაროებს ეფუძნება და მათი სანდოობა ეჭვს არ იწვევს. კირიონი, მიუხედავად პრობლემებისა მეფის რუსეთთან, ობიექტურად აღწერს ყველა იმ დადებით მხარეს, რაც რუსმა ეგზარქოსებმა თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე გამოავლინეს. ამის გაკეთებას კირიონს არავინ აძალებდა, იგი ამას გულახდილად წერს.26
ურა-პატრიოტული პროპაგანდით გაჟღენთილ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ეგზარქოსების მოღვაწეობიდან მხოლოდ ეგზარქოს პავლეს მიერ ქართველი ერის „დაწყევლასთან“ დაკავშირებული ამბავი გაუგონია და არაფერი იცის იმ დადებით მოვლენებზე, რომელთა შესახებ ეპისკოპოსი კირიონი წერს.
რუსებმა ქართული ფრესკები ჩვენი რუსიფიკაციის მიზნით შეათეთრეს
პალესტინისა და ათონის მთის ქართული მონასტრების გამყიდვლების სულიერი შთამომავლები ხშირად წუწუნებენ რუსების მიერ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რამოდენიმე ტაძარში კირით შეთეთრებული ქართული ფრესკების გამო. სამწუხაროდ, ასეთივე პათოსითაა შედგენილი სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორია ერთ ქართულ მართლმადიდებლურ ვებ-გვერდზე, მაგრამ აქაც კი ავტორი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ფრესკების კირით შეთეთრება მიზნად არ ისახავდა მათ გაფუჭებას, არამედ ფრესკები მათ შეთეთრებამდე, დროთა განმავლობაში, ძლიერ დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდნენ.27 შეიძლება, გამოვთქვათ საყვედური რუსების მიმართ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები რიგ შემთხვევებში არასწორად წარმართეს, მაგრამ მათ ღვაწლსაც ნუ დავივიწყებთ ისტორიული ქართული ფრესკების რესტავრაციის საქმეში (მაგ., თუნდაც გრიგორი გაგარინის მიერ თბილისის სიონში დახატული ქართველი წმინდანების ფრესკები, მ. ნესტეროვის შემოქმედება აბასთუმანში, იმავე სვეტიცხოველში ი. პიჩის მიერ რესტავრირებული ფრესკები და სხვ.).
შეთეთრებულ ფრესკებზე „დამწუხრებულთ“ კი შევეკითხოთ: იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის უნიკალური ფრესკაც რუსებმა ხომ არ გაანადგურეს? თუ, იქნებ, ჯვრის მონასტერი გაგვიყიდეს რუსებმა?
რუსეთმა გააუქმა საქართველოს ცნება, იგი გაჰყო და ორ გუბერნიად აქცია
რუსეთის შემადგენლობაში მართლაც მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა ტიფლისის და ქუთაისის გუბერნიებად. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა ქართველების სამშობლოს - საქართველოს ცნების წაშლას. თვით რუსეთის იმპერატორის ტიტულატურის შემოკლებულ ვერსიაში ფიგურირებდა ცნება „საქართველო“. მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ II ასე იწოდებოდა: «Император и Самодержец Всероссийский, Московский, Киевский, Владимирский, Новгородский; Царь Казанский, Царь Астраханский, Царь Польский, Царь Сибирский, Царь Херсониса Таврического, Царь Грузинский, Великий Князь Финляндский и прочая, и прочая, и прочая». 28 ამის შემდეგ როგორ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ „საქართველო“ რუსებმა წაშალეს ჩვენი ერის ცნობიერებიდან?! უზარმაზარი იმპერიის მეთაური, თავს „საქართველოს მეფეს“ უწოდებდა და საქართველო ფინეთზე წინ არის ჩამონათვალში! რუსმა კლასიკოსებმა, დიდმა პუშკინმა და ლერმონტოვმა, საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაიტანეს მსოფლიოში, საქართველოს ახსენებენ და დიდი პატივით მოიხსენიებენ იმპერიის სამხედრო ისტორიკოსები: ფადეევი, დუბროვინი, პოტო და ბევრი სხვა. აი ასე „გააქრეს“ რუსებმა საქართველოს ხსენება.
რაც შეეხება ქვეყნის „გაყოფას“, ელემენტარულ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადმინისტრაციულ დაყოფას უტოლებენ ქვეყნის დანაწევრებას (აქვე დავძენთ, რომ ტიფლისის გუბერნია უზარმაზარ ტერიტორიებს მოიცავდა, რომლებიც შორს სცდებოდა ეთნიკური საქართველოს ფარგლებს). პირიქით, საქართველო „შეიკრიბა“ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. სამეფო-სამთავროებად დანაწევრებული საქართველო ორ გუბერნიაში გაერთიანდა, მათი ცენტრი ჩვენი ქვეყნის ისტორიული დედაქალაქები გახდა. რუსული ჯარის წყალობით საქართველოს დაუბრუნდა გათურქებული და გაუცხოებული სამცხე-ჯავახეთი, ასევე აჭარა (დროებით - ტაო-კლარჯეთიც).
დიდი სისულელეა ასევე, როდესაც მავანნი რუსეთის იმპერიას სდებენ ბრალს ვითომ-და სამეგრელოს სეპარატიზმის გაღვივებაში. სამეგრელოს სამთავრო რუსეთმა შეიერთა და შემდგომ გააუქმა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. ის, რომ რუსი ჩინოვნიკების დავთრებში სამეგრელოს მცხოვრებნი მეგრელებად აღირიცხებოდნენ და არა ქართველებად, სეპარატიზმის მხარდაჭერას არასგზით არ ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამეგრელოს არ ჩართავდნენ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში (ისევე, როგორც აფხაზეთს, რომელზეც ქართველ მეფეებს უკვე რამდენიმე საუკუნის მანძილზე ჰქონდათ კონტროლი დაკარგული).
* * *
აი ასეთი სურათი იხატება ანტირუსულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელოვნურად ინერგება და გამიზნულია, ქართველ ადამიანს ხელი შეუშალოს თავისი სამშობლოს ისტორიის ობიექტურ გააზრებაში. მეფის რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის პერიოდთან დაკავშირებული სტერეოტიპები ამ სტატიაში წარმოდგენილი ფაქტებით არ ამოიწურება. დღემდე მოდაშია საბჭოთა დროის, მარქსისტული თეზისი საქართველოსკოლონიზაციისშესახებ, რომ მეფისნაცვალი . ვორონცოვი, რომელმაც აურაცხელი სიკეთე მოუტანა თბილისს, „კოლონიალურ პოლიტიკასაწარმოებდა და . . (ვორონცოვის ძეგლი თბილისში 1922 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს). ასევე ღვივის არა-მარქსისტული, მაგრამ კიდევ უფრო აბსურდული ბრალდებები საქართველოს დიდი მოამაგის, ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ, თითქოს მას ჩვენი ქვეყნისგასომხებაჰქონდა გადაწყვეტილი (არადა, თვით ერეკლე მეფე ასახლებდა აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ გაუკაცრიელებულ ადგილზე სომხებს, რათა ვაჭრობა გამოეცოცხლებინა). ზოგი იქამდეც მიდის, რომ გრიბოედოვს ნინო ჭავჭავაძის გაუპატიურებას აბრალებს... რას ვიზამთ, დემოკრატიაა და ვერ დავუშლითამერიკათუმეპროპაგანდისტებს, იყბედონ და წერონ თავიანთი სისულელეები, მაგრამ ჩვენ, ხალხმა, სიმართლე უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორიის შესახებ და თუნდაც მწარე სიმართლის აღიარება მოვახერხოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს საქართველოს უკეთესი მომავლის შანსი.

© ევრაზიის ინსტიტუტი
თბილისი, 2017 .



1  პლატონ იოსელიანი: ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ტფილისი, 1936 წ., გვ. 57-58.
2  აბელ კიკვიძე: საქართველოს ისტორია (XIX საუკუნე), თბილისი, 1954 წ., გვ. 21.
3  Акты Кавказской археографической комиссии (АКАК), ტ. 1, ტიფლისი, 1866 წ., გვ. 178 (გიორგი მეთორმეტის 1800 წლის 17 ნოემბრის წერილი იმპერატორ პავლეს).
4  АКАК, ტ. 1, გვ. 179-181.
5  კიკვიძე, გვ. 20.
6  კიკვიძე, გვ. 21.
7  1804 წლის მთიულეთისა და 1812 წლის კახეთის აჯანყებებს მთლიანად სოციალური საფუძველი ჰქონდათ (რუსი მოხელეების კორუმპირებულობა, სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, ახალი კანონების მიუღებლობა და მისთ.), რის გამოყენებასაც ცდილობდნენ მეფობას მოწყურებული „ბატონიშვილები“ და მათი მომხრე პროსპარსული და პროთურქული თავადები. „პატრიოტი“ ქართველი ისტორიკოსები ამ სოციალურ ბრძოლას აცხადებენ „ეროვნული დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლას, რაც მიამიტური პოზიციაა და ადვილად ბათილდება ისტორიული ფაქტებით, თუმცა ამ საკითხის გარჩევა წინამდებარე ნაშრომის ფარგლებს სცდება.
8  აღსანიშნავია ნეკრესის მთავარეპისკოპოსის ამბროსის მიმართვა ქართველი ხალხისადმი 1801 წ. მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც იმპერატორის ერთგულებისკენ მოუწოდებს: „ნუ იტირებთ და ნუ იდარდებთ, რამეთუ საქართველო გადარჩა და გათავისუფლდა ჩვენი მტრების, სპარსელებისაგან. გიხაროდენ! ...როგორც მოძღვარი, მოვუწოდებ ჩემს მრევლს, დაემორჩილოს და სიყვარულით ემსახუროს ყოვლად მოწყალე იმპერატორს რუსეთისა, რომელმაც შეისმინა ჩვენი ვედრება და გაათავისუფლა საქართველო მონობისაგან“ (რუსულიდან ქართულად უკუთარგმანი. რუსული ტექსტი: Еп. Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901 г., გვ.15).
9  კიკვიძე, გვ. 55.
10  საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4-ე, თბილისი, 1973 წ., გვ. 865.
11  იქვე.
12  საბჭოეთის დროს ეროვნულ პატრიოტიზმს მოწყურებული ქართველი ისტორიკოსები, ისევე, როგორც დღევანდელი, ამერიკის მეხოტბე ქართველი ისტორიკოსები, მიიჩნევდნენ, რომ სოლომონმა ეს იძულებით გააკეთა. შდრ. „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. 4-ე, გვ. 864.
13  „ნარკვევები“, გვ. 866.
14  ყოველივე ამის შესახებ იხ.: ა. კიკვიძე, გვ. 75-76.
15  კიკვიძე, გვ. 77, 79.
16  იხ. სოლომონ I-ის წერილი ყიზლარის კომენდანტ გენერალ პოტაპოვს, 1766 წლის 20 ოქტომბერი (ვალერიან მაჭარაძე: მასალები მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. ნაწილი III, ნაკვეთი 1-ლი, თბილისი, 1988 წ., გვ. 225-226).
17  მაგ. იხ.: https://rusidea.org/25020701
18  Антон Рыбаков: В "области Кесаря": Проблема статуса и структуры Грузинской Православной Церкви после отмены автокефалии (Первая половина XIX века). „Ab Imperio“, 3/2010, გვ. 15.
19  მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე: საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია. http://patriarchate.ge/geo/eklesia/istoria-movlenebi/საქართველოს-ეკლესიის-მოკ
20  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე), ტ. 10, თბილისი, 1986 წ., გვ. 556.
21  იქვე.
22  ნიკო ბერძენიშვილი: საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, თბილისი, 1973 წ., გვ. 274.
23  Епископ Кирион: Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901 г., გვ. 262-264.
24  იქვე.
25  სერგო ვარდოსანიძე: სრულიად საქართველოს პატრიარქი კირიონ II (1917-1918). http://patriarchate.ge/sruliad-saqartvelos-patriarqi-kirion-ii/
26  იხ. 23-ე სქოლიოში დასახელებული ნაშრომი: Епископ Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901 г., გვ. 17-32.
27  ვალერიან მამუკელაშვილი: სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება - http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/svetitskhoveli/svetitskhoveli.htm. ფრესკები იმდენად ძლიერად იყო დაზიანებული, რომ რუსებს მიაჩნდათ, რომ მათი ჩვენება უხერხული იქნებოდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ისათვის, რომელიც საქართველოს 1837 წელს ეწვია (შდრ. იქვე).
28  ცნობა რუსული “ვიკიპედიიდან“. უფრო ადრინდელი იმპერატორები, მაგ., ალექსანდრე I, „ივერიის და ქართლის მიწების თვითმპყრობელებად“ იწოდებოდნენ.