სამართალი
სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე უარი განაცხადა

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურის შენობა მოულოდნელად დატოვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას ბრალდებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეუთითხნა და სწორედ მათ მისცემს ჩვენებას.
მანამდე სააკაშვილი აცხადებდა, რომ დაკითხვაზე აპირებდა შესვლას, რადგან მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაკითხვაზე ოფიციალური უწყების თანახმად გამოიძახეს და, შესაბამისად, არ აპირებდა კანონის დარღვევას.
ოდესის ყოფილ გუბერნატორთან პროკურორი მივიდა თხოვნით, შესულიყო დაკითხვაზე, რადგან დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით იწყებოდა პროცესი. მიხეილ სააკაშვილმა გამომძიებლებს და პროკურორებს უთხრა, რომ ჯერ ჟურნალისტებთან საუბარს აპირებდა და თვითონ გადაწყვეტდა, როდის გასცემდა პასუხს საგამოძიებო უწყების შეკითხვებს, შემდეგ კი სააკაშვილმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საგამოძიებო უწყების პოზიციას, პროკურორის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ მივა დაკითხვაზე, მას ხელახლა გაუგზავნიან უწყებას და იმოქმედებენ კანონით დადგენილი ნორმებით.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ასევე დაუსვეს შეკითხვა გუშინ ოქტომბრის სასახლეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ის, რაც გუშინ მოხდა, იყო კლასიკური პროვოკაცია და კლასიკური ჩასაფრება. მათ ჰქონდათ ვერსია, რომ ჩვენ მივედით ამ შენობაში, სადაც ბავშვებიც იმყოფებოდნენ და მისი დაკავება გვსურდა. მე არ დავუშვი შტურმი და მაშინვე განვაცხადე, რომ ძალადობას ვემიჯნები. ამ მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს ხალხის ცხოვრება, ამიტომ ის ასეთ მანევრებს იგონებს, – განაცხადა სააკაშვილმა.