პოლიტიკა
„ქართული იცნების“ ბაზაზე ორი ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდება

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ახალ საპარლამენტო სეზონზე რამდენიმე ახალი ფრაქცია შეიქმნება. ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არის დაგეგმილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძემ დააკონკრეტა, რომ ფრაქციების შექმნა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, დამატებითი ფრაქციები ეფექტიანობისა და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება. ახალი ფრაქციები უკეთესი კოორდინაციის, ეფექტურობისა და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კოორდინაცია კიდევ უფრო მოქნილი და მობილური იყოს. ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობაში არსებული მცირე ზომის ფრაქციები ბევრად უფრო მობილური არიან“, – განაცხადა თალაკვაძემ. მისივე განცხადებით, ახალი ფრაქციების კონფიგურაცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც მმართველ გუნდში საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დააკონკრეტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში სულ რვა ფრაქცია იქნება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციები უკეთესი მენეჯმენტისა და კოორდინირებისთვის იქმნება. კონსულტაციების შედეგად, სავარაუდოდ, ორი ფრაქცია შეიქმნება, სადაც მხოლოდქართული ოცნებისწარმომადგენლები არ გაერთიანდებიან. გადაჯგუფება სხვა ფრაქციებიდანაც მოხდება, საბოლოო ჯამში, უმრავლესობის შიგნით რვა ფრაქცია იქნება, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის მტკიცებით, ფრაქციების გადაჯგუფება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს არ უკავშირდება. ფრაქციების გადაჯგუფება რაიმე სახის პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება და ეს ცუდი ნათქვამია, რადგან თუ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიის უპირობო ნაწილია.
წლების წინ უკამათო გადაწყვეტილებებს კარგი პროცესები არ მოჰყვებოდა. ჩვენ ვკამათობთ და საზოგადოების წინაშე საერთო გადაწყვეტილებებით გამოვდივართ. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მსჯელობა მიდის და ხშირ შემთხვევაში ცხარე კამათიც კი. ჩვენთან მსგავსი დამოკიდებულება რაიმე დაპირისპირებად არ აღიქმება, ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ამ სიძლიერეზე გადაწყვეტილებების სიმყარე და სისწორე დგას“, – განაცხადა მდინარაძემ.
პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, ვინ უხელმძღვანელებს საპარლამენტო უმრავლესობაში შექმნილ ორ ახალ ფრაქციას – ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორეს გოჩა ენუქიძე ჩაუდგება სათავეში. ამ დროისთვის, ბიძინა გეგიძის ფრაქციის წევრებად ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი მოიაზრებიან. რეგლამენტით, ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატი სჭირდება.