საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვანწილად შემცირებულია.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე, ბიუროკრატული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტით შემცირდება.
„თუ მთავრობის მიდგომებზე ვისაუბრებთ, ალბათ, იმ შედეგით უნდა ვილაპარაკოთ, რაც დღეს ამ მიმართულებით გვაქვს. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როცა ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით მცირდება ზომა მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თუ თქვენ განვითარებადი ქვეყნების წარმატებულ მაგალითებს დამისახელებთ, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან ეს ძალიან ამბიციური ამოცანაა და მისი დანერგვა ნებისმიერი მთავრობისთვის სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მთავრობამ ამის დემონსტრირება გააკეთა და 140 მილიონ ლარიანი ეკონომია საკმაოდ დიდი ციფრია“, – განაცხადა ბახტაძემ.