აქტუალური
ექსპორტის მიმართულებით წელს საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა - მამუკა ბახტაძე

      საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე.
როგორც მან აღნიშნა, სასაქონლო იმპორტი 3 ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.
„ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში ექსპორტ-იმპორტის სალდო, ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მოგება.ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი “შინაარსობრივად” არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგებისდიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს დავინიახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარეანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადი ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებითა და უფრო მეტიც, აჭარბებს მას.
„ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა დღეს არ შედგა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დარბაზში კენჭისყრისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ იმყოფებოდა, შესაბამისად, კენჭისყრა ხვალისათვის გადაიდო.
საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობასა და მის მიღებასაც ხვალისთვის დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გეგმავს, ხოლო მესამე მოსმენით დამტკიცებას საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება.
ამასთან, ცვლილებები რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება. ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.
გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.