უცხოეთი
რექს ტილერსონი - აშშ ყირიმის საკითხს დაუბრუნდება

      საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმის საკითხს დაუბრუნდება, თუმცა დღეს პრიორიტეტულია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დავუბრუნდებით ყირიმის საკითხს. მე ვიცი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ განიხილება. რაღაც მომენტში, ეს საკითხი დადგება. თუმცა, დღეს ჩვენ გვინდა აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ პრობლემის გადაჭრას“, – განაცხადა ტილერსონმა.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფუძველი უკრაინაში რუსული ინტერვენცია გახდა.
“როდესაც იჭრები რომელიმე ქვეყანაში და ართმევ ტერიტორიას, ეს ასე ვერ დარჩება. ამ ინტერვენციის შედეგია აშშ-სა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ძალიან მკაცრი სანქციების რეჟიმი. ეს რეჟიმი არ შეიცვლება, ვიდრე უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საკითხი არ მოგვარდება და არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ტილერსონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულთა ძალებზე.

1tv.ge