საზოგადოება
თეა წულუკიანი - სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე უკრაინიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე ქართულ მხარეს ოფიციალური კიევიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.
წულუკიანის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ უკრაინაშიც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი.
ჩვენ უკრაინული მხარისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე ტიპის პასუხი ექსტრადიციის მოთხოვნაზე. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყველანი ერთად ვაკვირდებით მედიასაშუალებების დახმარებით. ვხედავთ, რომ დაკავებულის მიმართ უკრაინაშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი პროცესი. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, უკრაინული კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების მოლოდინშია უკრაინაში ყველა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ უკრაინის პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.